პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა „ტყის კოდექსის” კანონპროექტი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს მოხდა.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, ტყის კოდექსი. ახალი კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო რეფორმების გატარების პროცესში, მხარდაჭერას იღებდა იმისათვის, რომ ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ის მდიდარი ეკოსისტემა და ტყეები, რომელიც გვაქვს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დაცვას, რისი გარანტიც სწორედ ახალი კანონი იქნება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომლის პირადი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავების პროცესში. ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმის, ჩვენი ტყეების სწორი, მდგრადი მართვის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც პარლამენტის წევრებს კანონპროექტის საინტერესო განხილვებისთვის, რომლებიც არაერთ კომიტეტში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს.

„ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში – მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ამათან, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს. ამ საკითხზე თანდილაშვილმა კომიტეტის 20 მაისის სხდომაზე ისაუბრა.

„პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელიც უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ტყის ფონდშია განთავსებული, საპატრიარქოს გარკვეული რაოდენობის ტყეები თუ კი მიეცემა, ამ კოდექსით, ახალი კანონმდებლობით მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება, ვიდრე – უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ ვალდებულებებს, ისეთს, როგორიც დაეკისრებათ სხვა დანარჩენ ტყის მოსარგებლეებს, რომლებიც ტყის კონკრეტულ ტერიტორიებს სახელმწიფოსგან სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.