ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც პანკისში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობასა და ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავიდნენ, საუბარი ხეობაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას შეეხო.
დეპუტატის განმარტებით, “ეს იყო კონკრეტული დანაშაულის პრევენცია, რომლის გაიგივება ქისტ ხალხთან დაუშვებელია.
“ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ეროვნება და ტერორიზმი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დასჯადია. ამ ეტაპზე, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. საქმის დაჩქარებული გამოძიება სახელმწიფოსა და თავად ამ საქმეში ჩართული ყველა უწყების ინტერესებში შედის”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ერთად, ურთიერთთანამშრომლობით ხეობაში უნდა შექმნან ცხოვრების ისეთი პირობები, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და რეალიზდეს.
აღინიშნა, რომ გაგრძელდება ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მოგვარდება გზების მოწერიგებასთან და წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. მომდევნო შეხვედრა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან გაიმართება.