ახმეტელის თეატრში თურქი დრამატურგის პიესაზე დადგმული სპექტაკლის - „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ პრემიერა გაიმართა [ფოტო]
ახმეტელის თეატრში ცნობილი თურქი დრამატურგის, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაზე დადგმული სპექტაკლის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
როგორც თეატრის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განაცხადა, თურქმა დრამატურგმა პიესა სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაწერა. გოგიას თქმით, ეს არის მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პიესა „ბრუტუსი, ანუ კეისრის მკვლელობა“ ორ, ქართულ და თურქულ ენებზე წიგნად გამოიცა.
სპექტაკლის დაწყებამდე, ახმეტელის თეატრის ფოიეში სწორედ ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თავად დრამატურგი თუნჯერ ჯუჯენოღლუ, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. დრამატურგმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მათ სამახსოვროდ წიგნები გადასცა.
თუნჯერ ჯუჯენოღლუს სპექტაკლზე იმუშავეს რეჟისორმა ირაკლი გოგიამ, მხატვარმა მარიკა კვაჭაძემ და ქორეოგრაფმა გიორგი რაზმაძემ. სპექტაკლში ბრუტუსის როლი მსახიობმა ანდრია გველესიანმა შეასრულა.
სპექტაკლის კიდევ ერთი ჩვენება ხვალ, 17 ივნისს, 18:00 საათზეც შედგება.