ახლომდებარე პლანეტის შესაძლო არამიწიერ ცივილიზაციასთან დედამიწიდან შეტყობინება გაგზავნეს
ახლომდებარე პლანეტის შესაძლო არამიწიერ ცივილიზაციასთან დედამიწიდან შეტყობინება გაგზავნეს

თუკი ვარსკვლავ GJ 273-ის სისტემაში არამიწიერი გონიერი არსებები არიან, თამამად შეუძლიათ დაელოდონ ჩვენს ზარს, რომელსაც ისინი 12 წლის შემდეგ მიიღებენ.

გასულ თვეში, მეცნიერებმა და არტისტებმა შეტყობინება გაგზავნეს წითელ ჯუჯა ვარსკვლავ GJ 273-თან, რომელიც ლეიტენის ვარსკვლავის სახელითაცაა ცნობილი. მდებარეობს პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 12,36 სინათლის წლის მანძილზე. მასპინძლობს ჩვენთვის ცნობილ ორ პლანეტას, რომელთაგან ერთ-ერთი, GJ 273b შესაძლოა ხელსაყრელი იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმებისთვის.

აღნიშნული პროექტის შესახებ ჯგუფის წევრებმა დღეს (16 ნოემბერი) განაცხადეს.

შეტყობინების განზრახვაა GJ 273b-ის ჰიპოთეტურ მცხოვრებთა გამოწვევა და გამოხმაურება; კომუნიკაციის გაგზავნის მთავარი მიზანია საძირკვლის ჩაყრა მომავლისთვის, ამბობს ჯგუფის წევრი, ორგანიზაცია METI-ს (შეტყობინებების გაგზავნა არამიწიერ ცივილიზაციებთან) პრეზიდენტი დუგლას ვაკოჩი.

„ეს ისაა, რაც ჩემი აზრით, საჭიროა გავაკეთოთ 100-ჯერ, 1000-ჯერ, მილიონჯერ. ჩემთვის, პროექტის ძალიან დიდი წარმატება იქნება, თუკი 25 წლის შემდეგ ვინმეს გაახსენდება, შეტყობინების პასუხის მოძებნა. თუ ამას მივაღწევთ, ეს იქნება პერსპექტივის რადიკალური ცვლა“, — უთხრა ვაკოჩმა Space.com-ს.

მართლაც, კაცობრიობის მტკიცე მიდრეკილებამ მოკლევადიანი აზროვნებისკენ, ხელი შეუწყო გარკვეულ სკეპტიციზმს METI-ს შესახებ SETI-ის (არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტი) წარმომადგენელთა შორის, ამბობს ვაკოჩი.

METI-ს საქმიანობა დაპირისპირების საგანია კიდევ ერთი მიზეზის გამო. ზოგიერთი კრიტიკოსი, მათ შორის კი ყველაზე ცნობილი — ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ფიქრობს, რომ ასეთმა სტრატეგიამ შესაძლოა „გაგვყიდოს“ და ჩვენი არსებობის შესახებ ამცნოს რომელიმე სუპერ-მოწინავე მტრულ ან რესურსებზე დამშეულ არამიწიერ ცივილიზაციას, რაც ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდება კაცობრიობისა და ზოგადად, მთლიანი პლანეტისთვის.

თუმცა, ვაკოჩის თქმით, ლეიტენის ვარსკვლავთან გაგზავნილი შეტყობინება არ ზრდის უცხოპლანეტელთა თავდასხმის რისკს.

„მართლა ძალიან რთულია წარმოიდგინო სცენარი, რომელშიც ლეიტენის ვარსკვლავის გარშემო არსებულ ცივილიზაციას აქვს შესაძლებლობა ჩამოვიდეს დედამიწაზე და ზიანი მოგვაყენოს მაშინ, როცა მათ ჯერ კიდევ არ შესწევთ ჩვენგან გაჟონილი რადიაციის დაფიქსირების უნარი“, — აღნიშნავს იგი და იქვე აზუსტებს, რომ გულისხმობს ტელერადიოსიგნალებს, რომლებიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, დედამიწიდან კოსმოსში სხივდება.

ლეიტენის ვარსკვლავის პროექტი, რომელიც „Sónar Calling GJ 273b“-ის სახელითაა ცნობილი, თანამშრომლობაა, რომელშიც ჩართულები არიან METI International-ი, კატალონიის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტი და Sónar-ი — ქალაქ ბარსელონის შემოქმედებისა და ტექნოლოგიების ფესტივალი.

ჯგუფის წევრებმა გააგზავნეს შეტყობინება, რომელიც შეიცავს სამეცნიერო და მათემატიკურ „ტუტორიალს“, ასევე Sónar-ის მუსიკოსების მიერ შექმნილ 33 მოკლე მუსიკალურ კომპოზიციას. შეტყობინება გაუშვეს 16-17 და 18 ოქტომბერს, ორობითი კოდით, ორ სხვადასხვა რადიოსიხშირეში, რისთვისაც გამოიყენეს ნორვეგიის ქალაქ ტრომსეში განთავსებული 32-მეტრიანი რადიოანტენა EISCAT-ი.

ლეიტენის ვარსკვლავი პირველ რიგში აარჩიეს დედამიწასთან მისი სიახლოვის გამო, რამაც თეორიულად, შესაძლოა უზრუნველყოს სწრაფი პასუხი. ეს წითელი ჯუჯა ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ხილული უახლოესი ვარსკვლავია, რომელის ერთ-ერთი პლანეტაც, შეიძლება სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს, ამბობს ვაკოჩი.

პოტენციურ არამიწიერ ცივილიზციებთან შეტყობინებათა გაგზავნის კამპანია METI-ს არ დაუწყია. 1974 წელს, ფრენკ დრეიკმა, კარლ სეიგანმა და სხვა მკვლევრებმა, პუერტო-რიკოს არესიბოს ობსერვატორიიდან შეტყობინება გაუშვეს სფეროსებრ გროვა M13-ისკენ, რომელიც დედამიწიდან 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

2018 წლის აპრილში, METI-ს ჯგუფი ლეიტენის ვარსკვლავთან უფრო ვრცელი შეტყობინების გაგზავნას გეგმავს რამდენიმე სხვადასხვა რადიოსიხშირეზე.

 

მომზადებულია space.com-ის მიხედვით