ახლომდებარე გალაქტიკაში დაფიქსირებულია იდუმალი, უკიდურესად ძლიერი აფეთქება
ჰავაის კუნძულების ცაში, მეზობელ გალაქტიკაში, მკვლევრებმა იდუმალი კატაკლიზმური მოვლენა შენიშნეს. არაერთი ასტრონომი მთელი მსოფლიოდან უკვე დაირაზმა, რათა გაარკვიონ, რა არის უკიდურესად კაშკაშა ნათების წყარო.
„ადგილობრივ სამყაროში აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს“, — ამბობს ასტროფიზიკოსი სტივენ სმარტი. იგი მუშაობს ჰავაიში განთავსებულ ტელესკოპ TLAS survey-სთან, რომელმაც ობიექტი პირველად შენიშნა.
16 ივნისს დაფიქსირებული ობიექტის შესახებ ასტრონომმა პირველად Astronomer’s Telegram-ზე დაპოსტა. საიტის შემთხვევითი სახელების მინიჭების პრინციპით, ობიექტს AT2018cow ეწოდა.
სმარტმა მისი დაუყოვნებლივ შესწავლა დაიწყო, რადგან არაფრით ჰგავდა სტანდარტულ ვარსკვლავის აფეთქებას.
მსგავს მოვლენათა უმეტესობას სიკაშკაშის პიკის მისაღწევად რამდენიმე კვირა სჭირდება. თუმცა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, AT2018cow 10-ჯერ უფრო კაშკაშა გახდა, ვიდრე ჩვეულებრივი სუპერნოვა.
ობიექტმა სწრაფად მიიპყრო სხვა ასტრონომთა ყურადღება. ტელესკოპ ATLAS-ის გარდა, დაკვირვებებში ჩაერთო ასტრონომთა ოცამდე ჯგუფი, რომლებიც სულ მცირე ოთხ სხვადასხვა კონტინენტსა და კოსმოსში განთავსებულ ტელესკოპებს იყენებენ.
„ვფიქრობ, ასეთ მოკლე დროში ამდენი ყურადღება ბევრ ობიექტს არ მიუპყრია. ინტერესი ძალიან დიდია“, — აცხადებს Astronomer’s Telegram-ის მთავარი რედაქტორი და კანადის მაკგილის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი რობერტ რუტლედჯი.
თავდაპირველად, სმარტი ეჭვობდა, რომ ნათება ჩვენივე გალაქტიკიდან მოდიოდა, რადგან ის ზედმეტად კაშკაშა იყო.
მაგრამ როცა ასტრონომებმა ობიექტის სპექტროგრაფიული ანალიზები ჩაატარეს, სინათლე დაშალეს შემადგენელ ტალღის სიგრძეებად, გაირკვა, რომ AT2018cow-ს მახასიათებლები დაკავშირებული იყო ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკა CGCG 137-068-სთან.
მის სინათლეს ამ გალაქტიკიდან დედამიწამდე მოსაღწევად 200 მილიონი წელიწადი სჭირდებოდა.
ასტრონომიული სტანდარტებით ეს მანძილი არც თუ ისე დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ აფეთქებას შესაძლოა, წარმოექმნა დაფიქსირებადი გრავიტაციული ტალღები.
მაგრამ ამ ტალღებზე მონადირე ობსერვატორია LIGO-ს ორი დეტექტორი ამჟამად განახლების ფაზაშია და ამ სიგნალების არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
ჩატარებულმა დაკვირვებებმა ობიექტის იდუმალება კიდევ უფრო გაამძაფრა. იგი უკიდურესად კაშკაშა აღმოჩნდა ყოველმხრივ, ელექტრომაგნიტური სპექტრის ყველა ნაწილში — რენტგენული გამოსხივებიდან დაწყებული, რადიოტალღებით დამთავრებული.
სუპერნოვათა უმეტესობა სპექტრულ ხელწერას ე. წ. შთანთქმის ხაზში ატარებს. მისი გამომწვევი მიზეზია მათში არსებული გარკვეული ელემენტების მიერ სინათლის ტალღის სიგრძეთა შთქნათქმა. თუმცა, როგორც სმარტი აღნიშნავს, AT2018cow „წარმოუდგენლად გლუვია“.
მიუხედავად იმისა, რომ სიგნალში შეიმჩნევა გარკვეული უცნაური მახასიათებლები, „ისინი ვერავინ დაამთხვია ჩვენთვის ცნობილ სუპერნოვათა მახასიათებლებს“, — ამბობს იგი.
ამასობაში, AT2018cow-ის ნათებამ უკვე შესუსტება დაიწყო, მაგრამ ასტრონომები მისი საიდუმლოს ამოხსნის მცდელობას მაინც განაგრძობენ.
შესაძლოა, ის 1c ტიპის სუპერნოვა იყოს, რომელიც როგორც წესი, გამოწვეულია იმ მასიური ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსირებით, რომელმაც უკვე დაკარგა თავის წყალბადისა და ჰელიუმის გარე საბურველი.
ძლიერი რენტგენული და რადიოსიგნალები ასევე სავარაუდოს ხდის, რომ აფეთქების შედეგად წარმოქმნილია თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავ ნაწილაკთა ნაკადი.
„ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ის საკმაოდ იშვიათი ობიექტია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტალღის ყველა სიგრძეში დაფიქსირდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს“, — ამბობს სმარტი.
მისი თქმით, კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და AT2018cow-ს შესწავლა და ანალიზები თვეებს მოითხოვს.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.