ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს
ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

დედამიწიდან 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახლად დაბადებული ვარსკვლავის გარშემო, ასტრონომებმა ორგანული ნივთიერებები შენიშნეს.

ვარსკვლავის სახელია V883 ორიონისი. ზრდასთან ერთად, მისგან წამოსული სითბო უკან სწევს და აფართოებს თოვლის ხაზს — ზონას ვარსკვლავის გარშემო, სადაც ყინულოვანი დეპოზიტები გამდნარია. მის შიგნით ასტრონომებმა ორგანული ნივთიერებები დააფიქსირეს.

როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, ეს თოვლის ხაზი ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი კარგად დანახვა შეუძლებელია. თუმცა, V883 ორიონისის გარშემო ის იმდენად ხელსაყრელ პოზიციაშია, რომ ჩვენს ტელესკოპებს მასში ჩახედვაც შეუძლიათ. სწორედ ასე მოიქცა ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული ტელესკოპი „ალმა“.

„ალმას“ წყალობით, V883 ორიონისის გარშემო ასტრონომებმა შეამჩნიეს კომპლექსური ორგანული მოლეკულები, ძირითადად მეთანოლის, აცეტალდეჰიდის, მეთილფორმიატის, აცეტონიტრილისა და აცეტონის. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ასეთ გარემოში აცეტონი დააფიქსირეს.

ჯგუფის წევრის, ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრის, იური აიკავას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კლდოვანი და ყინულოვანი პლანეტები მყარი მასალებისგან შედგება, დისკოებში მშრალი ნივთიერებების აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასეთი ორგანული მოლეკულები ასტრონომებს უკვე დიდი ხანია აინტერესებთ, რადგან მსგავსი ერთეულები მზის სისტემის გარშემოც მოძრაობენ. ამ ორგანულ ქიმიურ ნივთიერებათა ადრეული ეტაპის შესწავლა დაგვეხმარება, უკეთ გავარკვიოთ მათი ევოლუცია მზის დაბადებიდან იმ მრავალფეროვან სიცოცხლემდე, რომელიც დღეს დედამიწაზე ყვავის.

ასეთი მოლეკულებით კოსმოსი სავსეა, განსაკუთრებით ბევრია ისინი კომეტებში, მაგრამ მათზე დაკვირვება ხშირად შეუძლებელია. V883 ორიონისი ამ მხრივ განსაკუთრებულ შანსს გვაძლევს, რადგან მოლეკულები ვარსკვლავისგან 10-ჯერ იმაზე შორსაა, ვიდრე წესისამებრ უნდა იყოს.

ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ნარჩენთა დისკოს ირგვლივ არსებული თოვლის ხაზები როგორც წესი, მტვრითაა დაფარული და მათში შეხედვა „ალმას“ მსგავს უმძლავრეს ტელესკოპსაც კი არ შეუძლია.

თუმცა, ახალგაზრდა ვარსკვლავთა აღგზნებები ყინულს დისკოს ვრცელ არეალზე ადნობს და მოლეკულათა გადანაწილების ხილვა უფრო ადვილი ხდება.

ასეთ აღგზნებებს ფუორებს უწოდებენ და წარმოიქმნება გარე დისკოდან ვარსკვლავისკენ ნორმალურზე მეტი მატერიის დინებისას. აღგზნებები დაახლოებით 100 წელს გრძელდება და შესაბამისად, ასტრონომებს მათზე დასაკვირვებლად კიდევ დიდი დრო აქვთ.

ცოტა ხნის წინ, მსგავსი ორგანული მოლეკულები ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „ფილიამ“ კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკოზე აღმოაჩინა. ისინი მეცნიერებს უფრო მეტ ცნობას აწვდის დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებასთან დაკავშირებით.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, იონგ-ინ ლის განცხადებით, კომპლექსური ორგანული მოლეკულების გადანაწილების შესწავლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს განეკუთვნება.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია alma-telescope.jp-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.