ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.
„რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოიანი ტექნიკა, რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრე-მაშველებს. ამასთან, გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა, უკვე გაყვანილია და ახლა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი, ასევე 70 მეხანძრე-მაშველი. ამასთან, ხანძრის კერებამდე გზის გაყვანის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო.
სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.