ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თებერვალში თანამდებობას დატოვებს
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი თებერვალში თანამდებობას დატოვებს. მისი თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან 6-წლიანი რთული და გამოწვევებით სავსე პრემიერობის შედეგად, მას „საკმარისი ძალები“ აღარ დარჩა.
ჯასინდა არდერნი 7 თებერვლამდე ასევე დატოვებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციას, სადაც ახალი ლიდერის გამოსავლენად კენჭისყრა გაიმართება.
პრემიერობის პერიოდში ჯასინდა არდერნს მოუწია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავება, კრაისტჩარჩის მეჩეთში სროლისა და თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგებზე რეაგირება.
„ჩვენ გვჭირდება ახალი მხრები გამოწვევებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა, რომლის თქმითაც, დარჩენის შემთხვევაში ცუდ სამსახურს გაუწევს ქვეყანას.
ჯასინდა არდერნი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც 2017 წელს 37 წლის ასაკში ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. ერთი წლის შემდეგ ის ასევე გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც პოსტზე ყოფნის პერიოდში შვილი გააჩინა.