ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაღუპულია ცხრა და დაშავებულია ათობით ადამიანი
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე ცხრა და დაშავებულია ათობით ადამიანი. პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის მომსწრეები ყვებიან, რომ მეჩეთში ბევრი გარდაცვლილია.
ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა. თვითმხილველის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, სულ მცირე ორი დაშავებული გადაიყვანეს.
პოლიციამ ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავა. თუმცა, სამართალდამცველები მოქალაქეებს ახალ ზელანდიაში მდებარე ნებისმიერ მეჩეთში წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბოროტმოქმედები გარეთ კიდევ იყვნენ.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.