ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მარტში იგეგმება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მარტში იგეგმება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცება მარტში იგეგმება. პირველი არხის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას და მიღებას 21 მარტის პლენარულ სხდომაზე აპირებს.

იქედან გამომდინარე, რომ მესამე მოსმენა მხოლოდ რედაქციული სახის ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, დეპუტატებს ცვლილებებზე მსჯელობისას ტექნიკური სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალება ექნებათ.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენით გასული წლის დეკემბერში მიიღო, რომელიც მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა. ცვლილებები ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუსს სისტემა აღარ ამოქმედდება.

ამასთან, პროექტი რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებსაც ეხება და 26 სექტემბერს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, მართლმსაჯულების განხორციელება“.

ცვლილებებით, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.

გარდა ამისა, ის ჩანაწერიც უქმდება, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

პარლამენტმა კონსტიტუციური პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.

უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო გასული წლის 13 ოქტომბერს დაძლია, რის შემდეგაც ზემოთ აღნიშნული პროექტის ინიცირება მოხდა.