ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან იყო შეთანხმებები, რომლებიც რამდენჯერმე დაირღვა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვერავითარ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან იყო გარკვეული შეთანხმებები, რომლებიც რამდენჯერმე დაირღვა, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოასვენონ. რაც
„არანაირ 48 ან 24 საათზე არ არის საუბარი, ვიმეორებ, შეიძლება მოხდეს ეს უსწრაფესად, შეიძლება – ერთ დღეში, ან ორ დღეში. ყველა ღონეს ხმარობს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, რომ უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს მიცვალებული“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.