ახალგორის ე.წ. სასამართლომ აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაამართლა, მას გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნეს
ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა. ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად აქტივისტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“ ადასტურებს. თამარ მეარაყიშვილს საოკუპაციო რეჟიმი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მისამართით ცილისწამებაში და საბუთების გაყალბების გზით ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეობის უკანონო შეძენაში ადანაშაულებდა.
აქტივისტის გამამართლებელი განაჩენი ე.წ. მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მიიღო.
ე.წ. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ასევე მოუხსნა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის აგვისტოში აღძრა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება, კერძოდ, მეარაყიშვილს ოკუპირებული რეგიონის დატოვება ეკრძალებოდა.