ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. დონალდ ტრამპმა მომხდარს საზარელი ხოცვა-ჟლეტა უწოდა.
„49 ადამიანი ასე უაზროდ დაიღუპა. მრავალი ადამიანი კი დაშავდა. ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ზელანდიის გვერდით დგას და გააკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია,“ – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.
მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესმდივანმა. სარა სანდერსმა ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმა დაგმო და ახალ ზელანდიას სოლიდარობა გამოუცხადა.
ახალ ზელანდიაში მომხდარ თავდასხმას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიც გამოეხმაურა. კენსინგტონის სასახლემ მიკრობლოგ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დედოფალი ელიზაბეტის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მონარქი დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს და ყურადღებას ამახვილებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებზე, ასევე ათობით მოხალისეზე, რომლებიც დაშავებულებს ეხმარებიან.
„ახალ ზელანდიაში საზარელი ამბავი მოხდა. კრაისტჩერჩში მომხდარი სასტიკი თავდასხმა ვერ შეცვლის ახალი ზელანდიის სახელს ტოლერანტობასა და წესიერებაზე, რითიც ის ცნობილია. ევროპა დაშავებულების და დაღუპულების ოჯახების გვერდით დგას. ახალ ზელანდიას შეუძლია ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეს,“ – ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ახალ ზელანდიაში მომხდარ თავდასხმას.
დაღუპულების და დაშავებულების ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმაც. ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ ევროპა ყოველთვის ახალ ზელანდიელების გვერდით იდგება და მათ წინააღმდეგ იბრძოლებს, ვინც საზოგადოებაში ქაოსის შეტანას ცდილობს.
„საფრანგეთი ექსტრემიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგია,” – ასეთი განცხადება გააკეთა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახალ ზელანდიაში მომხდარი თავდასხმა ისლამოფობიის აღზევების შედეგია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია, ადევნებს თვალს და ახალისებს კიდეც.
„ვგმობ თავდასხმას, რომლის სამიზნეც პარასკევის ლოცვაზე მისული მუსლიმები იყვნენ. ამ თავდასხმით ისლამოფობიის აღზევება, რომელსაც მსოფლიო უკვე დიდი ხანია, ადევნებს თვალს და ახალისებს კიდეც, გასცდა პერსონალურ თავდასხმებს და მიაღწია მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დონეს,“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ტერორისტულ თავდასხმას მიკრობლოგ „ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ტერეზა მეიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წაუყენეს.