ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის გამო ბრალი ერთ პირს წაუყენეს
ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის გამო ბრალი ერთ პირს წაუყენეს

ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე თავდასხმის გამო ბრალი ერთ პირს წაუყენეს. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა მაიკ ბუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლიციის ცნობით, ბრალდებული 28 წლის მამაკაცია. ის კრაისტჩერჩის სასამართლოს წინაშე ხვალ, 16 მარტს წარდგება. მის გარდა, თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ სამი ადამიანი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა და თავდასხმას სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

სულ მოკლულია 49 ადამიანი. პოლიციის მონაცემებით, 40 ადამიანი ალ-ნურის მეჩეთში მოკლეს, კიდევ შვიდი ადამიანი ლინვუდის მეჩეთზე თავდასხმისას, ერთი დაშავებული კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ათობით დაშავებულთაგან 20 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი