ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა.

ახალი ზელანდიის პოლიციის ცნობით, კრაისტჩერჩის საავადმყოფოში ამ დროისთვის 48 ადამიანია მოთავსებული, რომლებიც მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.

ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.