ახალ ფოტოებზე მზის ზედაპირი წარმოუდგენელ დეტალებში ჩანს — #1tvმეცნიერება
ახალ ფოტოებზე მზის ზედაპირი წარმოუდგენელ დეტალებში ჩანს — #1tvმეცნიერება

დედამიწაზე არსებულმა მზის ყველაზე დიდმა და ძლიერმა ტელესკოპმა მზის ზედაპირის ახალი, გასაოცარი ხედები გადაიღო.

სურათების ახალ სერიაში, ინოუეს მზის ტელესკოპი გვიჩვენებს მზის ლაქების რეგიონების რთულ დეტალებს, მოძრავ კონვექციურ უჯრედებს და მზის ატმოსფეროში პლაზმის მოძრაობას, თანაც დაახლოებით 20-კილომეტრიანი რეზოლუციით.

ამ მასშტაბზე, პლაზმის სტრუქტურები ნახატზე გასმულ ფუნჯს წააგავს. მანძილების კონტექსტში, მზის ერთი კონვექციური უჯრედი არც ისე დიდია, აქვს დაახლოებით ტეხასის შტატის ზომა.

თუმცა, ინოუეს ახალი სურათების მიზანი სულაც არ არის, რომ თავი პატარად და უმნიშვნელოდ გაგრძნობინოთ, ისინი უბრალოდ იმის ერთგვარი წინასწარგანჭვრეტაა, თუ როგორი იქნება მომავალში მეცნიერება. მზის ზედაპირის დახვეწილ დეტალებში ანალიზი მკვლევრებს იქ მიმდინარე პროცესების გარკვევაში ეხმარება.

მზე

მზის ლაქები ხშირად ჩვენს პლანეტაზე დიდია, როგორც წესი, ძალიან ხანმოკლედ არსებობს და მათში მაგნიტური ველები უჩვეულოდ ძლიერია და შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, მიმდებარე რეგიონებზე უფრო მუქად ჩანს. ამავე დროს, ისინი დაკავშირებულია მზის უფრო მძლავრ ამოფრქვევებთან: როდესაც მზის მაგნიტური ველის ხაზები ერთმანეთში იხლართება, წყდება და ხელახლა ერთდება, ფეთქებადი სახით გამოყოფენ წარმოუდგენელი ოდენობის ენერგიას კორონული მასის ამოფრქვევებისა და მზის ანთებების სახით.

მზის ლაქების აქტივობა კონტრასტული არ არის. დაკავშირებულია დაახლოებით 11-წლიან ციკლთან, რომლის დროსაც, ლაქებისა და ანთებების აქტივობა პიკს აღწევს მზის მაქსიმუმისას და თითქმის ნულამდე დადის მზის მინიმუმისას. მზის მაქსიმუმის დროს, მზის პოლუსები ადგილებს ცვლიან; ამჟამად სწორედ მზის მაქსიმუმისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებით, რომელიც 2025 წელს დადგება; ამის შემდეგ, მზის აქტივობა კვლავ კლებას დაიწყებს.

უცნობია, რა განაპირობებს მზის ციკლებს ან რა წარმოქმნის მზის ლაქებს. თუმცა, ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწისთვის, რადგან კორონული მასის ამოფრქვევები ხშირად დაკავშირებულია დამუხტულ ნაწილაკთა დიდი ღრუბლებთან, რომლებიც დედამიწის მაგნიტურ ველს ურტყამენ და რისკის წინაშე აყენებენ ჩვენს ტექნოლოგიებს.

ინოუეს ტელესკოპის ახალ ფოტოებზე მზის ლაქებთან დაკავშირებული რამდენიმე დახვეწილი სტრუქტურა ჩანს.

მაგალითად, უმბრა (ბნელი ლაქები ცენტრში). უმბრას შიგნით მოქცეულ კაშკაშა ლაქებს უმბრის წერტილებს უწოდებენ. უმბრას გარშემო არსებულ უფრო კაშკაშა რეგიონს პენუმბრას უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია კაშკაშა ძაფები, რომლებსაც პენუმბრის ფილამენტებს უწოდებენ.

ხანდახან ჩნდება მზის ლაქების მსგავსი, კონცენტრირებული მაგნიტური ველის რეგიონი, რომელსაც უმბრა აქვს, მაგრამ არ გააჩნია პერიფერიული პენუმბრა. მათ მზის ფორები ეწოდება. წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც პენუმბრის გაჩენისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები არ არის.

როდესაც მზის ლაქები დაშლას და გაუჩინარებას იწყებს, ისინი შეიძლება გადაკვეთოს სინათლის ხიდებმა. კიდევ უფრო დაშლისას, მზის ლაქა პენუმბრას კარგავს; ამ პროცესის გადაღება იშვიათია.

როდესაც მზე მშვიდია, სპექტრის ხილულ ნაწილში გადაღებულ სურათებზე ის სრულიად ერთფეროვნად მოჩანს.

თუმცა, მშვიდ მზეშიც კი საკმაოდ ბევრი რამ ხდება. კონვექციური უჯრედები, რომლებსაც ქვემოთ ხედავთ, მზის ზედაპირს, ანუ ფოტოსფეროს, „პოპკორნის“ ტექსტურას ანიჭებს. უჯრედის ცენტრიდან ცხელი პლაზმა ამოდის, შემდეგ კიდეებისკენ მიიწევს, ცივდება და კვლავ დაბლა ეშვება. ეს კონვექციური უჯრედები, იგივე გრანულები, საკმაოდ დიდია და სიგანეში 1600 კილომეტრამდე აღწევენ.

ფოტოსფეროს მაღლა მზის ატმოსფეროა, ანუ ქრომოსფეროა. იქ ხშირად გვხვდება პლაზმის წვრილი, მუქი, ფუნჯის მსგავსი ძაფები, რომლებსაც ფიბრილებს ან სპიკულებს უწოდებენ. ისინი თმებს ჰგავს, მაგრამ ფიბრილების დიამეტრი 200-დან 450 კილომეტრამდე მერყეობს. ფოტოსფეროდან იფრქვევიან და ეს რამდენიმე წუთს არსებობენ. მეცნიერებმა არ იციან, როგორ წარმოიქმნება ფიბრილები, მაგრამ ისინი ძალიან ბევრია და არსებობს საკმაოდ სანდო მინიშნებები, რომ ისინი მზის მაგნიტურ ველთან არის დაკავშირებული.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ინოუეს ტელესკოპის მონაცემები მზის ამ მომაჯადოებელი ფენომენის შესახებ მეტი დეტალის გარკვევაში დაეხმარება. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო დიდი ფენომენის ამოხსნაში უნდა დაგვეხმაროს: მაგალითად, მზის შიდა დინამიკის, ასევე, რა წარმართავს მზის ციკლებს.

ინოუეს ტელესკოპს ამ მიმართულებით უკვე აქვს შედეგები. წლის დასაწყისში, მეცნიერებმა აღწერეს ისტორიაში პირველი დაკვირვებები მზის ლაქაში მზის ატმოსფერულ ტალღებზე.

„ინოუეს ტელესკოპის მსგავსი სხვა მოწყობილობა უბრალოდ არ გვაქვს. ის თამაშის წესებს შეცვლის“, — ამბობს ჰავაიზე განთავსებული ამ ტელესკოპის დირექტორი თომას რიმელი.

სრული რეზოლუციის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.

მომზადებულია nso.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.