აკაკი ზოიძე - თუ რაიმე პოზიტიური რეფორმები დასჭირდებათ, ექსპერტული ცოდნა მაქვს, ჩემს თანაგუნდელებს გვერდში დავუდგები
მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების, ვისთან ერთადაც ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები ჩავატარეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აკაკი ზოიძის თქმით, რჩება ერთგული იმ ფასეულობების, რითაც 2016 წელს პოლიტიკაში მოვიდა.
„გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს და პოლიტიკას დავტოვებდი, მივიღე და არ შემიცვლია. კონსულტაციები უმრავლესობაში, ჩემს კოლეგებთან მქონდა. პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ, ის საქმეები ბოლომდე მივიყვანო, რომელიც გადაბარების და ტექნიკური საკითხების თემა იყო. ასეთ დაპირისპირებულ და პოლარიზებულ პოლიტიკაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. თუ რაიმე პოზიტიური რეფორმები დასჭირდებათ, ექსპერტული ცოდნა მაქვს, ჩემს თანაგუნდელებს გვერდში დავუდგები. ერთგული ვრჩები იმ ფასეულობების, რითაც 2016 წელს მოვედით. ჩემს კოლეგებსაც ვუსურვებ მის შენარჩუნებას. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების, ვისთან ერთადაც ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები ჩავატარეთ. საუბარია სამ რეფორმაზე – ევროპული კონსტიტუცია, დაგროვებითი პენსია და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. ამაყი ვარ, რომ რეფორმებში მონაწილეობა მივიღე. ძალისხმევის მიუხედავად ნარკო-რეფორმა ვერ მივიღეთ. დიდი იმედი მაქვს, ამას მომავალი მოწვევის პარლამენტი გააკეთებს. ვტოვებ, პარლამენტს და პოლიტიკას. ვერ შევძელი, კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისტიცი ჩაგვეტარებინა. შესაბამისად, ჩემს რესურს და ადგილს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. პოლიტიკაში ასჯერ ვერ მოვალ, მეორეჯერ ვიყავი მოსული. პოლიტიკიდან წასვლა ყველაფრიდან წასვლას ნიშნავს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება.