აკაკი ზოიძე - თუ ოპოზიციას ე.წ. კრიმინალებთან დაკავშირებით პრეტენზიები რჩება, ეს ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა
თუ ოპოზიციას პრეტენზიები ე.წ. კრიმინალებთან დაკავშირებით რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ შუალედური არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ბრალდების გაჟღერება თითიდან გამოწოვილია.
„არ ვიცი, მათ განცხადებებს რა დავარქვა, ფანტაზია, თუ ბრალდება. თუ ასეთი მიზეზი რჩებათ და არჩევნების დროს საუბარი ასეთ დარღვევაზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა. სწორედ ეს არის დასკვნა, თუ ამას გარდა სხვა პრეტენზია არ აქვთ. ეს ისეთი პრეტენზიაა, რომლის დადასტურება ან უარყოფა საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო პროცესის ნაწილი არ არის. რა კრიმინალებზეა საუბარი, ნებისმიერი ასეთი ბრალდება თითიდან გამოწოვილია“, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის თქმით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც „ქურდულ სამყაროსა“ და ე.წ. ქურდულ მენტალიტეტს მკაცრად ზღუდავს.
„მათი გადმონაშთის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გაგრძელდება. როცა წინა წლებში არჩევნები იყო, მათი მხრიდან ამ ჯგუფების გამოყენება აქტიურად ხდებოდა და ამ გამოცდილებიდან იციან, რომ არჩევნებში შეიძლება ასეთი ჯგუფები გამოიყენონ“, – განაცხადა ზოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე დღეს ვიდეომასალა წარადგინა და განაცხადა, რომ კადრებში ჩანს, როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები და ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე დღეს ვიდეომასალა წარადგინა და განაცხადა, რომ კადრებში ჩანს, როგორ არიან საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები და ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ.