აკაკი ზოიძე - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსოლიდარობის კანონია
ირლანდიაში, რომელიც თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ერთ-ერთი პიონერი იყო, საერთოდ ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა, კათხა „გინესის“ შემდეგ ვინმეს პაბში სიგარეტი, ან სიგარა არ მოეწია, მაგრამ სამი თვის შემდეგ სურათი მთლიანად შეიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირველი სამი კვირა, რა თქმა უნდა, გარკვეული ექსცესები და ინციდენტები იყო, მაგრამ სამი თვის თავზე ვერავის ვეღარ წარმოედგინა, დახურულ შენობაში ერთი თუ ხუთი კათხა „გინესის“ შემდეგ როგორ კვამლავდნენ. ანუ, სოციალური ნორმა დაახლოებით, სამ თვეში შეიცვალა“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსოლიდარობის კანონია, როცა არამწეველ თანამოქალაქეს საშუალებას აძლევ, ათი წლით მეტხანს იცოცხლოს.
„აღსრულების ნაწილი უმეტესად ადმინისტრაციებსა და მოქალაქეებზეა დამოკიდებული, პატრული კი საბოლოო ინსტანციაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ გამოვიძახოთ. რუმინეთში მეოთხე წელია, რაც ეს კანონი სრულდება და საბოლოოდ, ოცმილიონიან ქვეყანაში, მთელი წლის განმავლობაში, სამართალდამცველების გამოძახება სულ 600-ჯერ მოხდა. თავიდან 1000 გამოძახება იყო, მაგრამ შემდეგ 600-მდე შემცირდა, ანუ კანონს ადამიანები თავად ეჩვევიან“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ქართველები გამორჩეულად კანონდაუმორჩილებელი ხალხი არ არის, თავიდან ინციდენტები იქნება, მაგრამ ინფორმაციის მიწოდებითა და თავაზიანი დამოკიდებულებით კანონს ყველა მიეჩვევა.
საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები დღეიდან ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.