აკაკი ზოიძე - შიდა დაპირისპირებაზე გუნდის შიგნით საკმაოდ ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს
შიდა დაპირისპირებაზე გუნდის შიგნით საკმაოდ ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„მე არ დავეთანხმები ცალკეულ გამონათქვამებს, რომელიც გაჟღერდა ჩვენი გუნდის მხრიდან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ასეთი დისკუსია ნათლად აჩვენებს, რომ ეს არის ჯანსაღი გუნდი, რომელსაც ადარდებს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის სასამართლო სისტემაშიც. ეს არ არის მოჩვენებითი ერთსულოვნებით აღსავსე რუხი მასა, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაზე.
ჩვენი გუნდი ასეთი გუნდი ნამდვილად არ არის და ამ დისკუსიამაც ეს აჩვენა. დიდი იმედი მაქვს, რომ რაც ეხება დევნას, გარიცხვას, გარიყვას, ასეთი გამოთქმები არ დაგვჭირდება და მივიღებთ ყველასთვის და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას. ყოველთვის არსებობს შეთანხმების რესურსი და ჩემი აზრით, ამ რესურსის ამოწურვამდე ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.