აკაკი ზოიძე - საზოგადოებები ფასდება იმით, თუ როგორ მდგომარეობაში არიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მათთან
საზოგადოებები ფასდება იმით, თუ როგორ მდგომარეობაში არიან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მათთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ყოველთვის იყოს საზოგადოების ყურადღება, რადგანაც ამაზე საუბარი არავის უნდა. თქვენ ახლა გადაცემას აკეთებთ, ნაწილი მოუსმენს, იტყვის – ვიშ-ვიშ და თავს გადაიქნევს, მაგრამ ეს მისი ყოველდღიური ყურადღების სფეროში არ არის, ამ დროს კი, საზოგადოებები ფასდება იმით, თუ როგორ მდგომარეობაში არიან მათი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები. ქვეყანას არ სჭირდება ბევრი ინდექსი და საერთაშორისო რეიტინგი; ჩადით ქვეყანაში და შეხედეთ, როგორ მდგომარეობაშია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ეს საკმარისი იქნება, დიაგნოზი დასვათ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და მისი საზოგადოება“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ეს საკითხი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემა უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი არსებობის ინდიკატორი, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.
„ეს ყველაფერს ახასიათებს, რადგან არის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, განვითარების, ერთმანეთის პატივისცემის საკითხი, რამდენად სრულყოფილი, კარგი, შეკავშირებული, პატრიოტული და ეროვნულია საზოგადოება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ყველას პრობლემა და შესაძლოა, ეს სერვისი თითოეულ ჩვენგანს დაგვჭირდეს“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, ამ პირობებში, როცა საზოგადოებამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული პრობლემები გადაიტანა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები განსაკუთრებით მოწყვლადია.
„როცა „კოვიდ-19“-ზე ვლაპარაკობთ, თუნდაც, იმ სამი თვის განმავლობაში, როცა იზოლირებული ვიყავით, გადატანილი სტრესის შედეგები ჯერ კიდევ წინ გველოდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში – ახალგაზრდობაში, ბავშვებში და ასე შემდეგ. არის ოჯახური ძალადობის თემები, რომელიც ამ პერიოდში ნამდვილად გააქტიურდა და ეს კიდევ უფრო გამოჩნდება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პრობლემა კიდევ გამწვავდეს, თორემ ჩვენ, დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ტყიდან გამოსული ნამდვილად არ ვართ. ის, რომ დღეს ჩვენ ირგვლივ ოაზისი ვართ, თითოეული მოქალაქის დამსახურებაა, ჩვენი ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და კოორდინირებული ქმედების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსასრულოდ ასე კარგად ვიქნებით. მე ძალიან მინდა, ასე იყოს და ეს თემა საერთოდ აღარ არსებობდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ირგვლივ ძალიან ცუდი ვითარებაა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.