აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა 
აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა 

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე შეხვედრებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, არა ბაბლოიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, იაკობ იაკობიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ლევონ ალთუნიანთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ალექსანდრ ბაზარჩიანთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება დელეგაციის წევრებისა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციაც.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესის შესახებ ისაუბრებს. საუბარი, ასევე,  სომხეთის რესპუბლიკაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCTC) დანერგვას და ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეეხება.

სამუშაო ვიზიტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

აკაკი ზოიძის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 20 მარტს დასრულდება.