აკაკი ზოიძე - პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს
პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც პარლამენტარები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.
როგორც აკაკი ზოიძე აღნიშნავს, უმრავლესობაში ნარკომომხმარებლებთან მიმართებით საპატიმრო სასჯელის გაუქმებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მისივე თქმით, ოდენობებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ აზრთასხვადასხვაობაა.
აკაკი ზოიძის განმარტებით, დეკრიმინალიზაცია ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე გავრცელდება, თუმცა მისივე თქმით, ახალი კანონპროექტის ამოქმედებამდე ორწლიანი გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც სპეციალური კომისია იმუშავებს.
„პოლიტიკურად ვაცხადებთ, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად, საპატიმრო სასჯელის გაუქმება. მაგრამ ამას ახლა პირობადადებულად ჩავწერთ, თუ დღეს ჩავწერთ, რომ სახეცვლილება მოხდება, რათა კომისიამ მაქსიმალურად იმუშაოს ნარკომომხმარებლებთან და ამ შედეგების მიხედვით მოვახდენთ შემდეგ, ორი წლის თავზე ცვლილების მიღებას, ამაზე ვიმსჯელებთ. გარდამავალი პერიოდის ვადებზე ვიმსჯელებთ და შევთანხმდებით, გარდამავალ პერიოდში როგორ მოხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინსტრუმენტის ჩართვა, რაც არის ეგრეთ წოდებული შეფასებისა და გადარწმუნების კომისიები, ნარკოდანაშაულთან და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის კომისია, რომელიც შედგება შესაბამისი კვალიფიციური კადრებისგან“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ამ კომისიის დისკრეცია იქნება, მაქსიმალური მოტივაცია შეუქმნან ნარკოდამოკიდებულებს, რათა იმკურნალონ, ჩაერთონ ზიანის შემცირების პროგრამებში და მათი რეინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში.
„ეს არის ის პრინციპები, რაზეც შევთანხმდით ოდენობებთან მიმართებით, რადგან გამსაღებელსა და მომხმარებელს შორის სწორედ ოდენობა იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი, ის მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს თუ სწორედ ამ კომისიების ზრუნვის საგანი გახდება. ამიტომაც ოდენობებზე გაგრძელდება ჯერ მუშაობა. ჩვენ ვერ შევთანხმდით საბოლოოდ. ეს არის ძალიან პრინციპული თემა და იმედი გვაქვს რომ პლენარულ სხდომამდე შევთანხმდებით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.