აკაკი ზოიძე - ნებისმიერმა კომპანიამ უნდა იცოდეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა და ამით სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა ძალიან ძვირად დაუჯდება
დაზარალებულ და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს ხშირად არ აწყობთ, ადამიანი ციხეში წავიდეს და ურჩევნიათ, კომპენსაცია მიიღონ, მაგრამ როცა გარდაუვალი, მკაცრი სასჯელი არ დგება, ეს პრევენციულ და შემაკავებელ ეფექტს ამცირებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამიტომ, მთლიანად კომპანიისთვის ძალიან მტკივნეული არ არის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები შეასრულოს. შრომის უსაფრთხოების კანონის და სანქციების ამოცანა პრევენციაა და არა ხარკის მოკრეფა. ნებისმიერმა კომპანიამ წინასწარ უნდა იცოდეს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა და ამით სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ძვირად დაუჯდება. ჩვენი ამოცანაა, ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მაგრამ სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე შექმნილი სამუშაო ადგილები არავის სჭირდება“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო პრაქტიკა ადეკვატური იყოს.
„როცა შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის შედეგად უბედური შემთხვევა ხდება, მთლიანად კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და არა მხოლოდ იმ ადამიანისა, ვინც კონკრეტული უბნის უფროსი იყო. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, სასამართლო პრაქტიკით, კომპანიებს, რომლებმაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ უზრუნველყვეს, მილიონობით დოლარის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ დღეს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე შრომითი უსაფრთხოების პირობები დაცული არ იქნა, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„პირველი წელიწადი არ არის, რაც ამ კონკრეტულ საწარმოში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა არსებობს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მართლაც უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ არანაირი ეჭვი და კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ჩემს ორ კოლეგასთან ერთად მოვითხოვე, ადგილზე საერთაშორისო კლასის ექსპერტი, ან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს და შემთხვევა შეისწავლონ“, – განაცხადა ზოიძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სატელევიზიო გამოძიებების მომხრე არ არის, რადგან ამით ჭეშმარიტება არ დგინდება.