აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკაზე შევთანხმდებით ან გარკვეულ საკითხებზე ალტერნატიული კანონპროექტები მომზადდება
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკაზე შევთანხმდებით ან გარკვეულ საკითხებზე ალტერნატიული კანონპროექტები მომზადდება

საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კიდევ ერთხელ, ერთი თვით გადავადდა.

როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, აუცილებელია, რომ საკითხზე კონსენსუსის რესურსი მთლიანად ამოიწუროს.

მისი თქმით, კონსენსუსის რესურსი ჯერ არსებობს. შესაბამისად, მომავალი ერთი თვის განმავლობაში მხარეები საკითხზე ან შეთანხმდებიან, ან შეიძლება პარლამენტში გარკვეულ საკითხებზე ალტერნატიული კანონპროექტები გავიდეს.

„კონსულტაციები ვერ დავასრულეთ, რომელიც მიმდინარეობდა როგორც უმრავლესობის შიგნით, ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის, უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში. საქართველოში ძალიან სერიოზული დისკუსია მიდის. არის ქვეყნები, სადაც დისკუსია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ან შევთანხმდებით, ან შეიძლება გარკვეულ საკითხებზე ალტერნატიული კანონპროექტები გამოვიდეს. ანუ, ინიცირებული კანონპროექტის გარდა, გარკვეულ საკითხებზე ალტერნატიული კანონპროექტები გამოვიდეს. მაგალითად, დოზებთან ან ოდენობებთან მიმართებით“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატის ცნობით, კონსულტაციები მიმდინარეობს იმის თაობაზე, სად გადის ზღვარი პირად მოხმარებასა და გასაღებას შორის, ასევე საპატიმრო სასჯელის მოხსნასა და იმაზე, ჯერ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოიხსნას და სერვისები შემდეგ განვითარდეს, თუ ჯერ სერვისები განვითარდეს და დეკრიმინალიზაცია შემდეგ მოხდეს.

„შუალედური ვარიანტია, რომ შუალედური მოდელი პარალელურად გავაკეთოთ, რომლითაც სისტემის ეფექტიანობის დემონსტრირება მოხდება. კერძოდ, სახელმწიფო ნარკომომხმარებელს საშუალებას მისცემს, რესოციალიზაცია განიცადოს და თუ ადამიანი წამალდამოკდიებულია, მას უმკურნალებს“, – დასძენს ზოიძე.

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის ზაფხულზე მოხდა. ცვლილებები პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა, თუმცა იმის გამო, რომ პროექტის თაობაზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.