აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკაზე საქართველოს თავისი არჩევანი აქვს და საერთაშორისო გამოცდილების ბრმად გადმოტანა არ გვჭირდება
ნარკოპოლიტიკაზე ყველა ქვეყანამ თავისი არჩევანი გააკეთა. საქართველოს თავისი არჩევანი აქვს და საერთაშორისო გამოცდილების ბრმად გადმოტანა არ გვჭირდება, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა ხელისუფლებას თვალის დახუჭვა მსუბუქი ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებზე ისევე, როგორც ეს ევროპის დიდ მეტროპოლიებში ხდება, სადაც კლუბური და მსუბუქი ნარკოტიკი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ირაკლი ზოიძემ განაცხადა, რომ თავიდან, საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაიდო პრინციპი, ნარკოტიკის მცირე ოდენობით გაყიდვაც ადმინისტრაციული სასჯელის საგანი ყოფილიყო, მაგრამ ამას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ამიტომ კანონპროექტიდან ეს ინიციატივა საერთოდ ამოღებულია.
„პრინციპი ის იყო, რომ ადამიანს ჯიბეში ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის საზღვარზე გადმოსვლის დროს აღმოაჩნდებოდა, თუ მოხმარების დროს, ერთნაირი პრინციპით, ადმინისტრაციული სასჯელით დასჯილიყო; მერე კომისიაში გაგვეშვა და მისი გადარწმუნება გვეცადა. ეს პორტუგალიურ მოდელში ასეა და რეალურად მუშაობს. გადარწმუნების კომისიას მთელი რიგი ინსტრუმენტები აქვს და მარტო შეგნებაზე არ მოქმედებს. იქ მთელი რიგი შეზღუდვები და სხვა სანქციებია, რაც ადამიანს განკურნებისკენ, ზიანის შემცირებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, გათვალისწინებულია მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურების აზრი, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში თავიდან ჩადებული პრინციპი ჩვენ შემთხვევაში რისკის შემცველი იქნებოდა, რადგან შესაძლოა, ბარიგებს ნარკოტიკი ჯიბეში ჩადებით შემოეტანათ.
აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საზოგადოების ფართო ფენებია ჩართული და საბოლოოდ შეჯერებული ვარიანტი დაახლოებით, ორ კვირაში, ან ერთი თვის ვადაში იქნება წარმოდგენილი.
„გუნდთან, ოპონენტებთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ყველასთან შევჯერდით, რომ აუცილებლად შევთანხმდებით. საკამათო სულ რაღაც რამდენიმე საკითხი რჩება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.