აკაკი ზოიძე - ნარკოპილიტიკაზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართა და გარკვეული თემები გამოიკვეთა, თუმცა შეჯერება ვერ მოხერხდა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა ცვლილებების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეჯერება ვერ მოხდა.
როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეპუტატის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარე სასესიო კვირაში არ მოხდება.
„გარკვეულ საკითხებზე შეჯერება მოხდა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები ღია დარჩა. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გეგმა დავსახეთ, მუშაობა როგორ გავაგრძელოთ. პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ ის პოზიციები წარმოადგინა, სადაც შეიძლება მეტ-ნაკლებად თანხმობას მივაღწიოთ, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ჯერ ვერ შევჯერდით. უმრავლესობის საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ, რასაც კონსულტაციები სჭირდება.
დოზების თემის გარდა, გარკვეული თემები გამოიკვეთა და შეჯერება ვერ მოხერხდა”, – განაცხადა დეპუტატმა.
ზოიძის ცნობით, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მსჯელობა გაიმართება იმის თაობაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენი ხნით გადაიტანონ, სადაც ცვლილებებზე მსჯელობა პირველი მოსმენით უნდა მოხდეს.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გასულ წელს მოხდა, თუმცა პროექტი პირველი მოსმენით განხილული და მხარდაჭერილი მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ არის.
ცვლილებების წინააღმდეგ „კონსერვატორები“ გამოდიან, რომლებიც ქვეყნის 90-იანი წლების პრაქტიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში იმ ვითარებას არ დაუშვებენ, რაც მათი თქმით, ნარკომოხმარების თვალსაზრისით ჰოლანდიასა და პორტუგალიაშია.