აკაკი ზოიძე - ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება მხოლოდ პრევენციით შეიძლება, მაგრამ პრევენციას რომ ეფექტი ჰქონდეს, ისინი საპატიმროში არ უნდა გავუშვათ
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ნარკომომხმარებელთა 90% ნარკოტიკების მოხმარებას პირველი წლიდან იწყებს, რადგან მათი უფლებები შეზღუდულია, ისინი საზოგადოებიდან გარიყული არიან, აღარც ოჯახებს უნდათ, აღარც მეგობრებს და იშვიათი შემთხვევაა, სადღაც ერთი პროცენტი, როცა ადამიანი ამ სიტუაციიდან გამოდის, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„დანარჩენი ცხრა პროცენტი ნარკოტიკების მოხმარებას მეორე წლიდან იწყებს, თუ ზედოზირების შედეგად არ დაიღუპა, რადგან როგორც მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ზედოზირებით სიკვდილის შანსი რვაჯერ მეტია. ამ დროს ორგანიზმი კონკრეტული ნარკოტიკის მიმართ ტოლერანტული აღარ არის და ადამიანი პირველი გაკეთების შემთხვევაში იღუპება“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, დეკრიმინალიზაცია პრობლემური მომხმარებლების რაოდენობას არ გაზრდის.
„საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც სახელმწიფო პოლიტიკის ფოკუსია. ანუ, ადამიანებზე, რომლებიც რეგულარულად არიან ნარკოტიკის წვეთოვანზე და თავიანთი ოჯახებისთვის, თუ მთლიანად საზოგადოებისთვის უზარმაზარ სოციალურ-ეკონომიკურ, თუ მორალურ პრობლემას ქმნიან“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ადამიანთა გადარჩენა და მათი რაოდენობის შემცირება მხოლოდ და მხოლოდ პრევენციით შეიძლება, მაგრამ იმისთვის, რომ პრევენციას თავისი ეფექტი ჰქონდეს, ისინი საპატიმროში არ უნდა გავუშვათ.