აკაკი ზოიძე - „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები დღეს ასე აღტკინებით რომ საუბრობენ სამართლიანობაზე, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე
ხელისუფლების ორივე შტო, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ეკადრება და უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის ეთერში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საუბრისას განაცხადა.
აკაკი ზოიძემ დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან.
„ხელისუფლების ორივე შტო, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ეკადრება და იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ეს გახლავთ გენერალური პროკურორის გადადგომა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს გახლავთ ის ნაბიჯი, რაც პრემიერმა სულ ახლახან გადადგა. პრემიერი მივიდა თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან, რომელიც პროტესტის შეგრძნების გამო დგას აქციაზე, ხაზს გავუსვამ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად დგანან თავიანთი შვილების კეთილდღეობის გამო და არა პოლიტიკური პარტიების ოპორტუნისტულ ლიდერებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ სამართლიანობის შეგრძნება, რომელმაც თავის დროზე ისინი დააშორა ხელისუფლებას, რომელსაც ასე ებღაუჭებოდნენ, რომ თავიდან შეძლონ თავის რეაბილიტაცია. ვხედავდით ვინ დირიჟორობდა პროცესს, არა შვილმკვდარი მამა, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ის სიტყვით გამოვიდნენ და გამოჩნდნენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ასეთი ტრაგედია განიცადეს. ბატონი უფლებადამცველი თუ ზონდერი, ვერ გავარკვიე რომელი უფრო ეკუთვნის ამ ადამიანს, რომელიც არ აძლევდა საშუალებას პრემიერს, რათა მას გამოეხატა თანადგომა და კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მთელი საქართველოსთვის, თუ რას გეგმავს ხელისუფლება იმისათვის, რომ სამართლიანობის შეგრძნებას არ ჰქონდეს ჩრდილი მიყენებული“, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია მაქსიმალურად სწრაფად დაიწყებს მუშაობას, რათა განახორციელოს ამ პროცესების ზედამხედველობა.
„რადგან ეჭვი გაჩნდა, ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა გაიფანტოს ეს ეჭვი, რომ ვიღაცა ვინმეს ხელს აფარებდა, ან არ აფარებდა და ეს იქნება ბოლომდე გამოძიებული. ჩვენთვის ეს არის ხელისუფლების პრესტიჟის, მე ვიტყოდი ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ეგზისტენციალური საკითხი, რადგანაც სამართლიანობა არის ის უდიდესი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით. ჩვენ ვთვლით, რომ თუ რამე შეძლო, ბევრი რაღაც შეძლო, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო, რომ ჩვენ ქვეყანაში არათუ სამართლიანობას, არამედ ძველი საკითხები, რაც ეხებოდა უსამართლობის ფაქტებს, ბოლომდე იქნას მიყვანილი. ბოლომდე რომ არ არის მიყვანილი და „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები დღეს ასე აღტკინებით საუბრობენ სამართლიანობაზე, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე და ის, რომ რეალურად ამანაც გააჩინა პროტესტი ადამიანებში“, – განაცხადა ზოიძემ.