აკაკი ზოიძე - „ნაციონალური მოძრობა“ დავალიანების განულების ინიციატივის ირგვლივ ისტერიულ კამპანიას ეწევა
აკაკი ზოიძე - „ნაციონალური მოძრობა“ დავალიანების განულების ინიციატივის ირგვლივ ისტერიულ კამპანიას ეწევა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ დავალიანების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივის ირგვლივ ისტერიულ კამპანიას ეწევა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა უპირველეს ყოვლისა, 600 000 მოქალაქის ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას ემსახურება.

„ეს არის მთელი ამ პროცესის საბოლოო უმნიშვნელოვანესი ძირითადი შედეგი. ამ ინიციატივიდან მოგებული უნდა იყოს ყველა მხარე. ვხვდები, რომ შეიძლება, წაგებული იყოს ზოგიერთი დავალიანების ამომღები ორგანიზაცია, რომლებიც დადიან სახლებში და ატერორებენ ძირითადად სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შშმ პირებს, რომ გადაიხადონ ის 150 თუ 200 ლარი, რომელიც გახდა 3000 დრაკონული პროცენტების გამო. ეს ხალხი შეიძლება დარჩეს წაგებული ამ პროცესიდან და როგორც ვხედავ, „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.