აკაკი ზოიძე - მნიშვნელოვანი იქნება, შსს ნარკოტიკების მსხვილ იმპორტიორებზე გავიდეს, რაც სპეცოპერაციის მიზანთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას მოხსნის
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში შსს-ს გააქტიურებულ ძალისხმევას მივესალმები და ყოველმხრივ დავუჭერ მხარს, გავიდნენ კიდევ უფრო მსხვილ იმპორტიორებზე, რომლებიც მასობრივი მკვლელები არიან და ზემოგების მიღების მიზნით, ასობით ახალგაზრდის სიცოცხლეს წირავენ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ დღეს ჯაჭვის შუალედურ რგოლებზე მუშაობენ, პირველად რგოლზეც უნდა გავიდნენ. ნაწილზე ადრეც გასული იყვნენ, მაგრამ კონკრეტულად იმ რვა ადამიანიდან პირველად მომწოდებლებზე გავლენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სპეცოპერაციის მიზანთან დაკავშირებით თუ ოდესმე ვინმეს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდა, ეს ნებისმიერ კითხვის ნიშანს მოხსნის“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, გარკვეული კითხვები იყო ფორმასთან მიმართებით, მაგრამ თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა იყო, როგორც ეს შსს-მ თქვა, რომ ადამიანთა სიცოცხლე უნდა გადაერჩინათ, მაშინ ერთი სიცოცხლის გადარჩენაც კი ნებისმიერ უარყოფით ეფექტს ამართლებს.
„ეს ამართლებს ნებისმიერ უარყოფით ეფექტს, რომელიც მივიღეთ, როცა გარკვეულწილად, ჩრდილი მიადგა თბილისს, როგორც ელექტრონული მუსიკის ცენტრს, საკლუბო ცხოვრების იმიჯს და ახალგაზრდებში პროტესტი გამოიწვია ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მათ დროული ინფორმაცია ვერ მიიღეს, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის შემდგომმა ქმედებებმა ეს პროტესტი გაანელა, რადგან ახალგაზრდების პროტესტს სახელმწიფოს და მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება მოჰყვა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.