აკაკი ზოიძე - კანონით, დახურულ შენობებში ჩილიმისა და ელექტრო სიგარეტის მოწევაც იკრძალება
კანონით, დახურულ შენობებში ჩილიმისა და ელექტრო სიგარეტის მოწევაც იკრძალება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„კვამლი ჩილიმით არის გამოწვეული, ელექტრო, თუ ჩვეულებრივი სიგარეტით, პატრული და ნებისმიერი სხვა მაკონტროლებელი, ამას ვერ გაარჩევს. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც ტუპერკულოზის მაღალი მაჩვენებელია, ჩილიმი ისედაც არ არის სასურველი, რადგან ის ტუპერკულოზის ბაცილის ძალიან ეფექტიანი გადამტანი საშუალებაა. ჩილიმის სამშობლო ასე ვთქვათ, თურქეთია და ის ამ ქვეყანამაც კი აკრძალა“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, გამონაკლისი დაშვებულია სამორინეებისთვის, რათა მათ სხვა ქვეყნების სამორინეების კონკურენცია გაუწიონ.
„ამ გამონაკლისს სხვა არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ზოიძემ.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ეკონომიკური გათვლები, რაც ასეთი ტიპის კანონის მიღებას სჭირდებოდა, თავიდანვე გაკეთდა და ილუზიაა, თითქოს კანონს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ექნება.
„სპეციალურად საქართველოსთვის, ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით, გაერო–ს განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც ნანახია პოტენციური ხარჯი და სარგებელი, რაც შეიძლება, ამ კანონის ამოქმედებამ, მათ შორის, სამასპინძლო ბიზნესთან მიმართებაში რეკლამის აკრძალვამ მოიტანოს. დეტალურად იქნა გაანალიზებული სხვა ქვეყნების გამოცდილებაც“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 8%–მა განაცხადა, რომ სამასპინძლო ობიექტებში აღარ ივლის, მაგრამ 17%–მა, ანუ 2–ჯერ მეტმა თქვა, რომ აქამდე არ დადიოდა, მაგრამ ობიექტებზე მოწევის აკრძალვის შემთხვევაში ივლის.
„ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის პოტენციალის ზრდა, რასაც შემოსავალი 250 000 ოჯახისთვის მოაქვს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტურისტები მოძრაობის წესების დარღვევასთან და ნაგავის საკითხთან ერთად, პრობლემად ასახელებენ გაბუღულ კაფეებსა და რესტორნებს, თუ რატომ აღარ ჩამოვლენ საქართველოში. ასე რომ, კანონის ამოქმედების შემდეგ ტურისტული ბიზნესიდან შემოსავლები გაიზრდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.