აკაკი ზოიძე - გიორგი გიორგანაშვილის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი, რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა
გიორგი გიორგანაშვილის შემთხვევა არის იმის კლასიკური მაგალითი, რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, – ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბახალას“ შემთხვევაზე კომენტარს მე სპეციალურად არ ვაკეთებ და ჩემი ერთადერთი კომენტარი ესაა. 50 აბი სუბოტექსი დაშვებული და სისხლის სამართლის კოდექსით არადასჯადი არანაირი ახალი კანონმდებლობით არ იქნება, რადგან ეს ძალიან დიდი ოდენობაა. „ბახალასთან“ დაკავშირებით რამდენად მტკიცე მტკიცებულება არსებობს, ამას სასამართლოს შესაბამისი ინსტანციები დაადგენს და ჩემგან ამაზე კომენტარი არ შეიძლება, მაგრამ მეორე მხარეა, რომ მოსამართლეს ნახევარ და მეოთხედ აბ სუბოტექსზეც იგივე 8 წელი უნდა მიეცა. პრობლემა ესაა და არა ის, რომ 8 წელი 50 აბ სუბოტექსზე მიეცა. თუ ადამიანს 50 აბი სუბოტექსი აქვს და ასაღებს, ამაზე 8 წელიც უნდა იყოს და 20 წელიც“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.