აკაკი ზოიძე - ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკი შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის
აკაკი ზოიძე - ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკი შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკოტიკების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება, თუმცა ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად გამოსავალს მის დეკრიმინალიზაციაში ხედავს.

„ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გამოსავალი კი ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლაა, მათ შორის გამკაცრება სააფთიაქო ნარკომანიის“,- განაცხადა ზოიძემ.

მისივე შეფასებით, ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა უნდა იყოს.

„მიგვაჩნია, რომ გავატარებთ ისეთ რეფორმას, რომელიც იქნება ჩვენი საზოგადოების ინტერესებში და რომელიც შეამცირებს ნარკომომხმარებელთა რაოდენობას.

მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ მიგვეღწია კონსენსუსისთვის, მათ შორის გუნდის შიგნითაც. ჩვენი პოზიციაა, ნარკოტიკების მომხმარებელი, თუ ის სხვა დანაშაულს არ ჩადის და მხოლოდ მოიხმარს და მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება აქვს პირადი მოხმარებისთვის, ამ შემთხვევაში მას ჩამოერთვას ეს ნარკოტიკი. თუ განმეორებითია, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს და გადაიგზავნოს გადარწმუნების და შეფასების კომისიაში, სადაც არის ექიმი, იურისტი, ეკლესიის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი და მათ იმუშაონ ამ ადამიანთან.

თუ ის არის წამალდამოკიდებული, მას ვუმკურნალოთ, ჩავატაროთ პრევენცია. კანონპროექტში იმაზეა საუბარი, რომ ვუშველოთ ადამიანს“,- განაცხადა ზოიძემ.