აკაკი ზოიძე - დღევანდელი გათვლებით, 2030-2040 წლისთვის დაგროვებითი პენსიის რაოდენობა 500-600 ლარი იქნება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დღევანდელი გათვლებით, 2030-2040 წლისთვის დაგროვებითი პენსიის რაოდენობა 500-600 ლარი იქნება.
აკაკი ზოიძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა იწყება, რომელიც მოქალაქეების საპენსიო-ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას ეხება.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პენსია 2013 წლის შემდეგ გაიზარდა, მისი რაოდენობა მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ შეესაბამება.
„გზებს ვეძებთ და ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მსოფლიომ ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად გლობალურად იპოვა. ეს არის დაგროვებითი პენსია. დღეს პენსია ხელფასის 18 პროცენტს შეადგენს და ვამბობთ, რომ ეს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეესაბამება. შესაბამისად, გვინდა, რომ 2030-2040 წლისთვის პენსიის რაოდენობა ხელფასის 50-60 პროცენტამდე გაიზარდოს. დღევანდელი გათვლებით, ეს 500-600 ლარი იქნებოდა. პენსიონერს პენსიის ეს რაოდენობა დღეს რომ ჰქონდეს, გაცილებით უკეთესს მდგომარეობაში იქნებოდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული თანხა ესეც არ არის, მაგრამ მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფას მოახდენდა”, – აცხადებს ზოიძე.
პირველი არხის კითხვაზე, ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხო იქნება დაგროვებითი პენსიის სისტემა და მისი დაკარგვის საფრთხე არსებობს თუ არა, ზოიძე აცხადებს, რომ საქართველოს 90-იანი წლების მძიმე გამოცდილება აქვს, მაგრამ დღეს საქართველო ძლიერი ინსტიტუციური სახელმწიფოა.
„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად უსაფრთხო და მომგებიანი იყოს, მოქალაქის დანაზოგი კი გაზარდოს და ადამიანი 15 წლის შემდეგ პენსიაზე რომ გავა, მას ხელფასის პირდაპირპროპორციული პენსია ჰქონდეს. ამ სისტემას უდიდესი პლიუსი აქვს ის, რომ ამით ეკონომიკის განვითარებისთვის შედარებით იაფი, ხელმისაწვდომი რესურსი შეიქმნება. ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას ესეც წაადგებათ. სამწუხარო გამოცდილება არსებობს, რადგან 90-იან წლებში, როცა ჩვენი სახელმწიფო დგებოდა და ქვეყნის წინაშე საფრთხეები იყო, რეგიონმა „სახადი“ მოიხადა, რასაც ერქვა პირამიდები, ანაბრების დაკარგვა და ა.შ. ჩვენ დღეს შემდგარი და ინსტიტუტებით ძლიერი სახელმწიფო ვართ. ერს ოპტიმიზმი აქვს და ქვეყანას აშენებს. თუ ქართული სახელმწიფოსი გვჯერა, მაშინ ამ საპენსიო სისტემებსაც უნდა დავუჯეროთ. ეს მხოლოდ სადღეგრძელო არაა. ეროვნულ ბანკს სამ მილიარდიანი რეზერვი აქვს და მის გაფლანგვა-არგაფლანგვაზე ეჭვი არავის არ აქვს. საკომიტეტო მოსმენებისას შევეცდებით, რომ მაქსიმაურად საიმედო რეგულაციებით იყოს გამყარებული ის საპენსიო დანაზოგები და შენატანები, რაც საპენსიო სააგენტოში იქნება. ვიმსჯელებთ იმაზე, რა დამცავი მექანიზმები შეიძლება იყოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეგრძნება გაუჩნდეთ, რომ ეს სისტემა ისეთივე მყარია, როგორც ეროვნული ბანკი”, – განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა.