აკაკი ზოიძე - ჩვენ, ექიმები, მზად ვართ, ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ ვაჟა გაფრინდაშვილს
ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველანაირი არხით ხდება ზეწოლა.
„ვაჟა გაფრინდაშვილი არის ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი. იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. აი, ამ პროფესიის წარმომადგენელი დღეს რჩება მძევლად, ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი. ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხით კეთდება ყველაფერი. ეუთო-ს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. ყველა არხით ხდება ზეწოლა, იქნება მთელი რიგი განცხადებები გაერო-ს მხრიდან და მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.