აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამართლიანი საყვედური ითქვა და პარტია იმით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეცდომებზე სწავლობდეს
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საყვედური ლეგიტიმური იყო.
პირველ არხთან საუბარში აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ კვლევის ჩატარების მიმართულებით სად იყო ჩავარდნა, ეს ცალკე თემაა.
„მისი ლეგიტიმური საყვედური გასაგებია, რადგან თვითდაჯერებულობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სწორედ იმაში გამოიხატებოდა, რომ გვეგონა, მხარდაჭერა რეალურად უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ჩვენს მხარდაჭერებში უფრო მეტი განაწყენებული ადამიანი იქნებოდა. კვლევის ჩატარების მიმართულებით სად იყო ჩავარდნა, ეს ცალკე თემაა. არჩევნების შედეგი ცივი შხაპი იყო, რომელიც ერთი მხრივ, გააფხიზლებს, მეორე მხრივ კი, ახალ ენერგიას გაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ამ მიმართულებით გავამახვილოთ. მისი მხრიდან სამართლიანი საყვედური ითქვა და პარტია იმით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეცდომებზე სწავლობდეს. ჩვენი სიძლიერე იმაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლოთ და ის გზა კარგად გავაგრძელოთ, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ მიგვიყვანს“, – აღნიშნა ზოიძემ.
დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გულახდილს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე საუბარი იმაზე იყო, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ადამიანებმა მოკლე დროში იგრძნონ, ხელისუფლება მათ საკეთილდღეოდ მუშაობს.
„არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ ამას ის მოსახლეობა ვერ გრძნობს, რომელმაც მხარი არ დაგვიჭირა. ამისთვის აუცილებელია გადახალისება და ხელისუფლების ყველა დონეზე ახალი ენერგიის შეტანა იმით, რომ ისეთ ინსტიტუტებს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ხალხი დაინახავს, რომ მათ დაქირავებული პროფესიონალი საჯარო მოხელეები ჰყავს, რომელთათვის მთავარია ხალხის მსახურება და არა – საკუთარი თავის“, – დასძინა ზოიძემ.