აკაკი ზოიძე - ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ხუთი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ დანარჩენ ბავშვებს უტარდებათ ყველა საჭირო ღონისძიება, მათი მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„როგორც ინგოროყვას კლინიკაში, ისე „ამტელ ჰოსპიტალში“ თითოეული მოსწავლის მდგომარეობა არის სტაბილური და მათ სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, რომელშიც დღეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ვინაიდან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოჩნდა, ბავშვი გარდაიცვალა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება და ვიზიარებ მთელი სულით და გულით ოჯახის მწუხარებას“, – განაცხადა ზოიძემ.
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, მოზარდს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა.
შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.