აუცილებელია, ებრძოლოთ სიცრუის მანქანას, მაგრამ მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საფუძველს ამოვძირკვავთ, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც არის ქვეყანაში დღეს, ეს არის სიცრუის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მოდელირებული რეალობის ფაბრიკა და მასთან ბრძოლა.
„ეს ფაბრიკა რეალურად თესავს შუღლს, სიძულვილს საზოგადოებაში, იწვევს პოლარიზაციას და რაც მთავარია, რაც გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, თესავს უიმედობას, იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს მოქალაქეებში არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, არამედ ზოგადად, ქვეყნის მომავლის მიმართ.
ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, ის რაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, რაც შეიძლება ჩვენ, როგორც ერს დაგვემუქროს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ებრძოლოთ ამ მანქანას, მაგრამ, ამ მანქანასთან და ამ ფაბრიკასთან ბრძოლა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ რეალობაში მის საფუძველს ამოვძირკვავთ და ობიექტურ რეალობაში მისი საფუძველი არის გულგრილი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს ან თავის ოჯახზე. ყოველ შემთხვევაში, აღქმა ბევრ სოფელში, ბევრ ქალაქში, ბევრ ადამიანს, რომელიც სამინისტროებში მიდის თავისი პრობლემების გადასაწყვეტად, ხშირ შემთხვევაში ასეთი აქვს. ამ სიცრუის მანქანის საფუძველი არის ის, რომ „ჩვენ დაპირებებს არ ვასრულებთ“. შეიძლება არ ვასრულებთ, რადგან თავიდანვე არარეალისტური იყო ის დაპირება, რაც გავეცით, რაც არის ასევე პრობლემა. პოლიტიკაში არის პრობლემა, როდესაც პოლიტიკოსები საუკეთესო თუ სხვა მოსაზრებების გამო გასცემენ ასეთ დაპირებებს, რომლებიც არარეალისტურია. ვერ მოვახერხეთ და შეგვიშალა ხელი, დავკარგეთ ორიენტირი გზაში ან ბევრი ინიციატივა გვქონდა მართლაც ზედმეტი და იმ ძირითადზე კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ, რომლის დაპირებაც უნდა შეგვესრულებინა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება – გადაწყვეტილებების მიღება, აღსრულება, დანერგვა იქნება ერთიანი პროცესი და ძალიან მოკლე პროცესი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
„დისციპლინა იმ გაგებით, რომ კორუფციასთან ბრძოლა. კეთილსინდისიერება, რომ მოხელე იქნება არა თავისი თავის და ოჯახის მსახური, არამედ თავისი ხალხის და იმ ადამიანების, ვინც მოვა – ბიზნესი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომ მათ პრობლემებს აღიქვამს და იმ პრობლემების გადაწყვეტაზე იმუშავებს. ასეთი შეგრძნება უნდა შეექმნას ადამიანებს. ამ შემთხვევაში, ეს შეგვიძლია ნამდვილად ერთ წელიწადში, მე მჯერა, რომ ამის გაკეთება ერთ წელიწადში შეიძლება. ქვეყნის სასწაულებრივი გაბრწყინება რთული იქნება, მაგრამ ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას იმისი, რომ საჯარო სამსახური სოფლის რწმუნებულიანად დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებით, მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული. ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც.
„ჩვენ 2016 წელს გავეცით რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეზე მოახდენდა და მოახდენს ზეგავლენას, მათ შორის, ყველაზე გაჭირვებულების, მათ შორის იმ ადამინების, ვისთვისაც ცხოვრება აუტანელი ტვირთია ზოგჯერ. აი, იმ ძირითადი დაპირების დასრულება შეგვიძლია ჩვენ ამ ერთ წელიწადში, იმ ძალიან მნიშვნელოვანი თემების, რომლებიც ჩვენი პროფესიის და კომიტეტის მიხედვით არის, კერძოდ, კონკრეტულად ჯანდაცვაში, სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად აქტიური დასაქმების პოლიტიკაში, რომელიც მიაბამს იმ განათლების ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას პროფესიული განათლების, კონკრეტულ შრომის ბაზარზე იქნება ეს შიდა ბაზარი თუ საერთაშორისო. იმ ახალგაზრდებს პერსპექტივას გაუჩენს, რომ რომ მიიღებენ პროფესიულ განათლებას, პრესტიჟული ვერ გახდება თუ მას პერსპექტივა არ ექნება რომ ის აუცილებლად დასაქმდება. ეს ნაბიჯები ძალიან რეალისტურია და ერთ წელიწადში მისი შექმნა სავსებით რეალისტურია.
სოციალური დახმარება სამართლიანობის გრძნობას უნდა იწვევდეს და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ამაში და ეს წინადადებები ჩვენგან არაერთხელ გაჟღერებულა პარლამენტიდან – სოფელზე და გამგეობაზე უკეთესად არავი იცის, ვინ არის გაჭირვებული იმ ადგილას, იმ სოფელში და მათი ჩართვა ამ პროცესში ფისკალურ პასუხისმგებლობასთან ერთად ამ პრობლემასაც გადაჭრის.
უზარმაზარი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვა თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასიათასობით ოჯახი სიღარიბეს. მაგრამ დღეს უკვე პრობლემები შეიქმნა. ადამიანი საავადმყოფოში რომ მიდის, გაკოტრება არ უნდა ემუქრებოდეს, კარგი ინიციატივები გაჟღერდა, მივადევნებთ თვალყურს, იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ წამალი და მომსახურება არის გადამრჩენი ადამიანების ჯანმრთელობის, ქონებრივი და პერსპექტივა და საერთოდ მომავალს არ უქმნის საფრთხეს. კომიტეტი თქვენთან ერთად იმუშავებს. მაგრამ, გვაქვს ახალი ბერკეტები და საპარლამენტო ზედამხედველობასაც განვახორციელებთ, რომ ჩვენ ეს დაპირებები ერთად მივიყვანოთ ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.