აკაკი ბობოხიძე - როგორც საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე
აკაკი ბობოხიძე - როგორც საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც „საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე“.

როგორც აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაფანტული არის დაახლოებით 30 კილომეტრი მანძილის სიგრძეზე, აქედან ნაწილი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში და მასზე არასდროს არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებასაც პრეტენზია არ აქვს

„საინგილო არის თუ არა საქართველოს ტერიტორია? თქვენ თუ იცით ნავთობსადენის შესახებ, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. მაინტერესებს, თქვენი გონებრივი შესაძლებელობები შევამოწმო. დავით გარეჯის ნაწილი არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს დადგენილია უკვე. გგონიათ, რომ საინგილოსთან დადგენილია საზღვრები? საინგილოსთან საზღვრების დადგენის პროცესი მიმდინარეობს? კახთან მიმდინარეობს? კახთან დადგენილია? საინგილოზე პრეტენზიას ვაპირებთ? საინგილო ჩვენს ტერიტორიაზეა? ისტორიულად რომ ქართველები არიან, ისტორიულად რომ საქართველოს ტერიტორია იყო, გავიგეთ. ამ წუთში საინგილო, თქვენის აზრით, არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ უნდა ვედაოთ და უნდა მოვთხოვოთ დაბრუნება? გარდა ამისა, საქართველო გაერო-ში არის აღიარებული იმ ტერიტორიებზე, რა ტერიტორიებზეც გვაღიარეს, თუ ჩვენ ართვინს მოვითხოვთ, თუ ჩვენ ტაოს მოვითხოვთ, ეს ჩვენი ნებაა. დღევანდელი საქართველო არის თუ არა საბჭოთა საქართველოს ტერიტორიებში აღიარებული სახელმწიფო? სოჩა დღევანდელი საქართველოსია? დიახ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გაფანტული არის დაახლოებით 30 კილომენტრის მანძილის სიგრძეზე, აქედან ნაწილი არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში და მასზე არასდროს, არც ერთ ხელისუფლებას, მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებასაც, პრეტენზია არ აქვს. მეორე ნაწილი არის ის, სადაც ყველა დადის ექსკურსიებზე, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე და არასდროს ამ ტაძრის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე კუთვნილების საკითხი აზერბაიჯანულ მხარეს არ დაუყენებია ეჭვის ქვეშ. არის მესამე ნაწილი ტერიტორიის, რომელიც არის სადავო, ანუ სადავო რატომ ჰქვია იცი, არც მე ვთანხმდები და არც ის. მე ვთქვი, ტაძრების რაღაც ნაწილი არის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ქართული მხარე არც დავობს, ოღონდ თუ დაგვთანხმდებოდნენ, დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი. იმაზე არათუ წინა ხელისუფლება, არც იმის წინა და არც დღევანდელი არ დავობს, ისე, როგორც კახის და საინგილოს ტერიტორიულ პრეტენზიას აზერბაიჯნას არ ვუყენებთ, ასევე არის დავით გარეჯის ტერიტორიის რაღაც ნაწილი, რომელიც არის დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ სადავო ვერ გახდება. არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, რომელზეც არც აზერბაიჯანს არ აქვს დავა, რატომ? ჩვენ კი არ ვედავებით აზერბაიჯანს, სადაც დავაოა, ისინიც გვედავებიან. ერთ ნაწილზე აზერბაიჯანსაც არ აქვს დავა და ამბობს, რომ ეს საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯი არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ეს არ არის მხოლოდ ერთი ტაძარი.

„ბევრი ტაძარია, ბევრი საკულტო ნაგებობაა, მათ შორის მღვიმეებისა და გამოქვაბულების სახით, ნაწილი ამ საკულტო ტერიტორიებისა მოყვა დღევანდელი აზერბაიჯანის ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენც ვთვლით, რომ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ნაწილი ამ საკულტო ობექტებისა არის ისეთ ტერიტორიაზე, რომელზეც აზერბაიჯანსაც არ აქვს პრეტენზია და თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიაა, ნაწილი არის ისეთ ადგილზე, რომელიც ჯერჯერობით არის შეუთანხმებელი. ასე რომ, გარეჯი საქართველოა? ეს შეკითხვა არ არის სწორი, რაღაც ნაწილი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაღაც ნაწილი უდავოდ არის ჩვენს ტერიტორიაზე რაღაც ნაწილი გვაქვს შესათანხმებელი. ადამიანები, ვინც ასე სვამენ შეკითხვას, ხვალ, რომ ბერთუბანი დარჩეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისევ დაიწყებთ ქართველი ხალხის პროვოცირებას, რომ რაღაც წაგვართვეს აზერბაიჯანელებმა. არადა ეს არ იქნება მართალი. ეს ბერთუბნის ტერიტორიაა, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დროს აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეზე“, – განაცხადა ბობოხიძემ.