„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში 1 777 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ჯამში 260 400 ლარი მოიგეს
„აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში, 260 400 ლარი გათამაშდა, მოგებულია 1 777 ადამიანი, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება – თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპში, მარნეულში.
„ლატარია „აიცერი და მოიგეს“ გათამაშება ყოველდღიურად იმართება, სადაც 100 და 500 ლარის მოგებები თამაშდება, ხოლო 20 სექტემბერს, პირველად გაიმართება ყოველკვირეული გათამაშება, სადაც ვაქცინირებული ადამიანები 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარს მოიგებენ. გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. ვაქცინის პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.
გათამაშებების შედეგების ხილვას მომხმარებელი შეძლებს stopcov.lotto.ge-ზე, იმავე საიტზე, სპეციალურ გრაფაში „გათამაშების შედეგები“ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.
1 000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 – 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე“, – აღნიშნავენ კომპანიაში.