აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

6 აგვისტოს საქართველოს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესტუმრებიან.

პირველი არხის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატების გარდა, თბილისში 6 აგვისტოს უკრაინის ვიცე- პრემიერი პავლო როზენკო ჩამოვა.

პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების ვიზიტი ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის, მხარდაჭერის გამოხატვაა და იმის ნიშანია, რომ პარტნიორები საქართველოს აგრესორის პირისპირ მარტო არასდროს დატოვებენ. დიპლომატებმა ვიზიტი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და ამ ერთობლივი ვიზიტის მთავარი გზავნილი სოლიდარობაა.

10 წელი გავიდა ძალიან მტკივნეული დღეებიდან და გვინდა, სოლიდარობა გამოვხატოთ ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში რეალურად არაფერი შეცვლილა. სახეზეა განგრძობითი ოკუპაცია და აგრესორი სახიფათო ნაბიჯებს დგამს სხვა რეგიონებშიც. უკრაინის ტერიტორია ოკუპირებულია და მოლდოვაში გვაქვს გაყინული კონფლიქტი.

ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ არაღიარების პოლიტიკა უნდა შეივსოს დამატებითი არსებითი ელემენტებით. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონდეს ფინანსური, დიპლომატიური, სამართლებრივი შედეგები და ჩვენ მზად ვართ, ეს განვაცხადოთ. ასევე, ჩვენ მზად ვართ, ჩამოვიდეთ და ვთქვათ, რომ არა მარტო თქვენ გვერდით ვართ ოკუპაციის უმძიმეს შედეგებთან გამკლავებაში, არამედ ვაღიარებთ, პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისი განცხადებით, ეს არის პროცესი და სჭირდება დრო, ძალისხმევა, მოტივაცია და მოთმინება.

„ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობამ აირჩია. ამ გზაზე საქართველო მეგობრებთან ერთად მიდის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ამას საქართველოში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვით. ეს ვიზიტი სოლიდარობასთან და მხარდაჭერასთან ერთად ატარებს განსაკუთრებულ დატვირთვას. ჩვენ გვსურს, შევახსენოთ ყველას, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა შედეგი დგას, რა გამოცდილებაა ეს ჩვენთვის და რა გაკვეთილი.

ძალიან ხშირად ვამბობ, რომ გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ. ჩვენ ვსაუბრობთ განვლილ 10 წელზე, რუსეთის არაერთ აგრესიულ ნაბიჯზე და მათი პრევენციის და შეჩერების გზებზე. სოლიდარობა, მხარდაჭერა და ყველასთვის ტრაგიკული დღეების შეხსენება – ეს არის ჩვენი ერთობლივი ვიზიტის მთავარი მიზანი და გზავნილი.

აგრესიულ პოლიტიკას 21 -ე საუკუნეში ადგილი არ აქვს და ცივილიზებული სამყარო ამას არასდროს შეეგუება. ჩვენ საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას ვგმობთ, ვაკეთებთ განცხადებებს, მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ. დიახ, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ აგრესორთან ურთიერთობა არ უნდა იყოს და ვერ იქნება ისეთი, როგორც მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამდე და შელახვამდე.

ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ დეკლარირება იმისა, რომ რაც ხდება, არ ეხება მხოლოდ საქართველოს. საქართველოს მოქალაქეებსაც სურთ, ყოველთვის იცოდნენ და გრძნობდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან. საქართველო არ არის მარტო და ეს ფაქტია“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.