აგუსტინ პაია - უნდა დავივიწყოთ წიაღისეულ საწვავზე დამყარებული ეკონომიკა, მდგრადი ენერგეტიკის საუკუნეა და მდგრად ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ
უნდა დავივიწყოთ წიაღისეულ საწვავზე დამყარებული ეკონომიკა, მდგრადი ენერგეტიკის საუკუნეა და მდგრადი ენერგიით მომუშავე ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ, – ამის შესახებ ესპანური სამშენებლო კომპანია „ენტიაის“ დამფუძნებელმა და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „ტესლას“ ოფიციალურმა ინჟინერმა, აგუსტინ პაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში სამშენებლო სექტორში ახალი ტექნოლოგების მნიშვნელობა და განახლებადი ენერგიების პერსპექტივები განიხილეს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ 5 მარტს ესპანური სამშენებლო კომპანია „ენტიაი“ [NTI] და მისი პარტნიორი აუდიტორული კომაპნია „ნექსია“ [NEXIA] სამუშაო შეხვედრას გამართავენ, სადაც ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს სამშენებლო სექტორის 2020 წლის ახალ ტენდენციებს გააცნობენ.
„ენტიაის“ დამფუძნებლის, დავით ზაქარიაძის განმარტებით, ბარსელონაში დაფუძნებულ „ენტიაის“ მსხვილი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს, როგორიცაა ბარსელონის პორტის, ასევე ბარსელონის აეროპორტისა და ახალი ტერმინალის პროექტები. აღნიშნულ კომპანიას სურს, თავისი გამოცდილება ქართულ კომპანიებს გააცნოს და ახალგაზრდა კადრებს განვითარების საშუალება მისცეს.
კომპანია „ენტიაის“ დამფუძნებლისა და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „ტესლას“ [TESLA] ოფიციალური ინჟინრის, აგუსტინ პაიას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირისაკენ სწრაფვის განწყობა იგრძნობა, რაც ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
„აქ იმიტომ ვარ, რომ ჩვენი პარტნიორი საქართველოში ძალიან კარგი კომპანიაა და საქართველო ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. ამ მენტალობას ვგრძნობ, დროშებს ვხედავ და ეს არის მეორე მიზეზი. გუშინ პირველად ჩამოვედი და თავი სახლში ვიგრძენი, რადგან მენტალობა, თვითონ ოჯახის ფაქტორიც და წითელი ღვინოც ჩემთვის მშობლიურია. ძალიან კარგი გარემოა საქართველოში ჩამოსასვლელად და არა მხოლოდ ჩემთვის, ქვეყნისთვისაც მომგებიანი იქნება. ეს ყველა მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს – ესაა იდეა“, – განმარტა აგუსტინ პაიამ.
მისი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას კი არ უნდა დაელოდოს მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის, არამედ როცა გაწევრიანების საკითხი დადგება, უკვე მსხვილი პროექტებით უნდა წარდგეს.
„წარმატების ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირში შესვლას არ უნდა დაელოდოთ. მანამდე უნდა აწარმოოთ პროექტები, რათა მაგიდაზე დაიდოს, როდესაც ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებაზე დაიწყებს ფიქრს. „ენტიაის“ და თავად მეც ახალგაზრდებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით დიდი მოტივაცია გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, წარმატებით ჩავრთოთ ახალგაზრდები ბრწყინვალე [ტექნოლოგიურ] პროექტებში“, – განაცხადა აგუსტინ პაიამ.
„ტესლას“ ინჟინრის მოსაზრებით, საქართველომ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსები მეტად უნდა განავითაროს, რადგან წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ეკონომიკა წარსულს ბარდება.
„საქართველოს, ისევე როგორც ესპანეთსა და ევროპის მრავალ ქვეყანას, დიდი ენერგორესურსები არ გააჩნია და დიდ თანხებს ვხარჯავთ იმაში, რომ რესურსები სხვა ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, რაც არ არის კარგი გეგმა. საუკეთესო გეგმა არის ინვესტიციების ჩადება ადგილზე განახლებად ენერგიებში, როგორებიც არის ქარის, წყლის, რაც საქართველოში დიდი რაოდენობით არის მზის ენერგიაში. მზე აქ არ არის ისეთი რაოდენობით, როგორც ესპანეთში, მაგრამ წყალი ბევრია. ჩემი აზრით, უნდა დავივიწყოთ ეკონომიკა, რომელიც წიაღისეულ საწვავს ემყარება, რაც არ არის კარგი კაცობრიობისათვის, რადგან საკუთარ პლანეტას, საკუთარ სახლს ვანადგურებთ. ჩვენ ახალ მიმართულებას უნდა მივხედოთ, ეს არის მდგრადი ენერგეტიკის საუკუნე და მდგრად ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ, ელექტრომობილებზე და ა.შ.“, – განუცხადა აგუსტინ პაიამ „ბიზნესპარტნიორს“.