ილონ მასკის კომპანია „ტესლამ“ ტეკილა გამოუშვა
ილონ მასკის კომპანია „ტესლამ“ ტეკილა გამოუშვა

ილონ მასკი რაკეტებისა და მანქანების ბიზნესიდან სპირტიანი სასმელების ბაზარზეც შედის — კომპანია „ტესლამ“ საკუთარ ვებგვერდზე „ტესლა ტეკილას“ გაყიდვა დაიწყო. ელვის ფორმის ბოთლში ჩამოსხმული სასმელი 250 დოლარი ღირს. ერთ ადამიანს მხოლოდ ორი ბოთლის შეკვეთა შეუძლია.

ყველაფერი 2018 წლის საპირველაპრილო ხუმრობით დაიწყო, როდესაც მასკმა „ტვიტერზე“ „ტესლაკილა“ (Teslaquila) ახსენა. როგორც ჩანს, მილიარდერი მაშინ სულ არ ხუმრობდა.

აღწერის მიხედვით, ეს გახლავთ „ექსკლუზიური, 100 პროცენტით აგავის ტეკილა ანიეხოს მცირე პარტია“. ანიეხოს ძირითადად სამი წლის განმავლობაში აძველებენ მუხის ჭურჭელში; მასკის ტეკილა 15 თვის დაძველებისაა.

შამპანურის მსგავსად, ტეკილაც ადგილწარმოშობის მკაცრი წესების საგანია. ის აუცილებლად წარმოებული უნდა იყოს მექსიკის ხუთიდან ერთ-ერთ შტატში, ლურჯი აგავისგან. ტესლას ვებგვერდის მიხედვით, მათი ტეკილა წარმოებულია კალიფორნიაში ბაზირებული ბრენდის, ნოსოტროსის ტეკილასგან. ამ უკანასკნელის ვებგვერდზე კი წერია, რომ ის მზადდება მექსიკის ხალისკოს შტატში მოწეული აგავისგან; ხალისკოს შტატი კი ერთ-ერთია ხუთი ნებადართული შტატიდან.

2018 წელს, საპატენტო განაცხადთან დაკავშირებით მასკს გარკვეული პრობლემები შეექმნა მექსიკის ტეკილას რეგულირების სააგენტოსთან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი კარგად დასრულდა და მისმა ტეკილამ მაინც იხილა დღის სინათლე.