აგრარულ საკითხთა კომიტეტი მარტვილში გასვლით სხდომაზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტში გასვლით სხდომას გამართავს, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
კომიტეტის წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლისგან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე მოხსენებას მოისმენენ.
სხდომაზე ასევე დაგეგმილია მოხსენებების მოსმენა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის შესახებ, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების და სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, მოხსენებების მოსმენამდე, კომიტეტის წევრები აბაშაში რეგიონული შტაბის მონახულებას აპირებენ, სადაც შტაბის ხელმძღვანელებისგან ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.
„მოვინახულებთ რეგიონულ შტაბს, რომელიც ემსახურება ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებებს. მოვისმენთ ამომწურავ ინფორმაციას არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ასევე, რა ღონისძიებები აქვს სამინისტროს დაგეგმილი. შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კომიტეტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცელი მოხსენების მოსმენას. შემდეგ გვექნება განხილვები რეგიონული საკონსულტაციო წარმომადგენლობის შესახებ. საწყის ეტაპზე ძირითადად მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.