„აღსრულების კოდექსის“ პროექტი, რომელიც აღმასრულებელთა პალატის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება
„აღსრულების კოდექსის“ პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის მიხედვით, მთლიანად დარეგულირდება სააღრულებლო პროცესი.
ინიციატივის მიხედვით, აღსრულება კერძო სექტორში გადაინაცვლებს და პროცესს აღმასრულებელთა პალატა დაარეგულირებს.
პროექტის მიხედვით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას უზრუნველყოფს, ინსპექტორი ეწოდება.
აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოსა და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„აღნიშნული კოდექსით მთლიანად დარეგულირდება სააღსრულებლო პროცესი საქართველოში და მაქსიმალურად იქნება თავსებადი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არსებულ შესაბამის ნორმატიულ აქტთან. აქ უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი მთლიანად გადადის კერძო სისტემაში, ანუ იქნებიან კერძო აღმასრულებლები და პრაქტიკულად აღმასრულებელთა პალატა დაარეგულირებს აღნიშნულ პროცესებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.