აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მიმდინარე წელს, 2400 საქმე მორიგებით დასრულდა
აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მიმდინარე წელს, 2400 საქმე მორიგებით დასრულდა

აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, 2 408 ერთეული შემთხვევა შეადგინა – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკაშია ნათქვამი.

საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 133 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 73 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია.

2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 511 მოქალაქეს.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 428 ერთეული ალიმენტიდან – დარეგულირებულია 3 620 საქმე.

“მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს”-აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.