აღსრულების ბიურომ მუშაობა დისტანციურად განაახლა, სანოტარო მომსახურებისთვის კი რამდენიმე ადგილი არის გამოყოფილი
აღსრულების ბიურომ მუშაობა დისტანციურად განაახლა, სანოტარო მომსახურებისთვის კი რამდენიმე ადგილი არის გამოყოფილი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღსრულების ბიურომ და ნოტარიუსთა პალატამ საქმიანობა განაახლეს, ხვალიდან ეროვნული არქივის, ასევე სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობის განახლებაც იგეგმება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც წინა კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა იმაზე, რომ ჩვენი სიპების, რეესტრებისა და სხვა საჯარო მომსახურებების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ელექტრონული დისტანციური წესით. ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს, ეს გახლავთ პირველ რიგში გამოსახლებები.

აღსრულების ბიუროს სხვა სერვისები უკვე დილიდან გაიცემა. ამისათვის, საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ ელფოსტის მისამართზე, „ფეისბუქით“ ან თუ კითხვა გაგიჩნდათ, ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე დატოვებას შეძლებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან წულუკიანის თქმით, სანოტარო მომსახურებისთვის გამოყოფილია რამდენიმე ლოკაცია.

„მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მეორე სიპმა ასევე განაახლა მნიშვნელოვნად თავისი საქმიანობა, ეს არის სანოტარო მომსახურება – ნოტარიუსთა პალატამ. დღეს დილიდან ჩვენ თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება, ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის N2-ში, ასევე ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი.

ასევე, სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად და ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიციის სამინსიტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გაჩნდეს საქართველოში სანოტარო დროებითი ბიუროების სახით.

ხვალიდან მუშაობას განაახლებს დისტანციურ რეჟიმში ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან ასევე ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო რეესტრი და საჯარო რეესტრი, რის შესახებაც უკვე ხვალ დეტალებს მოგახსენებთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ კვირის ბოლოს შევძლოთ, ვთქვათ, რომ საჯარო სერვისების გაცემა საქართველოში, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, შეჩერებული არ არის და ეს მოდელი არის პრაქტიკულად მთლიანად დისტანციური და ელექტრონული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი