ივანე მაჭავარიანი - გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებული ცვლილებები „დუინგ ბიზნესში“ საქართველოს შეფასებაზეც იმოქმედებს
ივანე მაჭავარიანი - გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებული ცვლილებები „დუინგ ბიზნესში“ საქართველოს შეფასებაზეც იმოქმედებს

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული პროექტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტში ფინანსთა უწყების ჭრილშიც საინტერესო პროგრესია მიღწეული.

მაჭავარიანის შეფასებით, კანონპროექტში ბევრი სიკეთე და ცვლილება არის თავმოყრილი. ამასთან, მან განმარტა ის ორი ძირითადი კომპონენტი, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხილვები და მსჯელობა მიმდინარეობდა.

„ე.წ. განხეთქილების ვაშლი იყო იუსტიციის მხრიდან ის, რომ გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე გახლდათ აღსრულების ბიურო, შემდეგ გაკოტრების თუ რეაბილიტაციის პროცესში გადამწყვეტი როლი ჰქონდა ამ სააგენტოს და მეორე მხრივ, როდესაც ხდებოდა აქტივების განაწილება რიგითობაში, აღნიშნულ რიგში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტული ადგილი. ერთი სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა  ამ პროცესის სრულად მართვაში და ამ მართვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე,  მეორე უწყების პრეტენზია აქტივებზე იყო პირველი“, – განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო საუკეთესო პრაქტიკა და პოზიცია ორივე უწყებამ დათმო.

„ეს არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უწყებრივმა ინტერესებმა მეორე პლანზე გადაიწიოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპონენტი შეიძლება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ჩაერთოს, რაც შეეხება საგადასახადო ორგანოებს, ჩვენი თავი დავაყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში, იმის მიხედვით, ვისთან როდის წარმოიქმნა ვალდებულება, ასეთ რიგში ვდგავართ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში, სადაც საქართველო მეშვიდე ადგილზეა, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, შეფასება ბევრი კომპონენტის მიხედვით ხდება და მათ შორის ერთ-ერთი არის გადახდისუუნარობის კანონმდებლობა.

„აქ ჩვენ ვიყავით არცთუ სახარბიელო ადგილზე, მგონი, 64-ის ფარგლებში. გვჯერა, ამ ცვლილებებით, სულ მცირე, პირველ ათეულში უნდა მოვხვდეთ აღნიშნულ კრიტერიუმებში, რომელიც იმოქმედებს ზოგადად „დუინგ ბიზნესის“ მაჩვენებელზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა,“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს, მინისტრ თეა წულუკიანს და ფინანსთა უწყების თანამშრომლებს, რომლებიც კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ, მადლობა გადაუხადა.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აღიშნული კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ გაჯანსაღება.