აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოსახლების პროცესი კანონის სრული დაცვით ხორციელდება.
„2024 წლის 23 იანვრის 11:00 საათიდან აღსრულების პოლიცია, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე, მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ ექვსი წლის განმავლობაში ხუთჯერ გადაიდო. ამ დროის განმავლობაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.